საქართველოს ისტორიული გვარების გენეალოგიური კვლევის პროექტი ეროვნულ არქივში 2010 წლიდან მიმდინარეობს. იური ჩიქოვანი, რომელიც პროექტის ფარგლებში ეროვნულ არქივთან თანამშრომლობდა, „ქართული გენეალოგიური საზოგადოების” თავმჯდომარე, დინასტიური კავშირის “ბაგრატოვანთა სახლი” მთავარი გენეალოგი და საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი იყო.
იური ჩიქოვანმა საქართველოს, მოსკოვის და პეტერბურგის საარქივო მასალების დამუშავებით, ხელნაწერთა ინსტიტუტში, ეროვნულ და სხვა ბიბლიოთეკებში დაცული დოკუმენტების, მრავალი ისტორიული და სხვადასხვა წყაროს შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეადგინა ფეოდალური გვარების გენეალოგია.
წარმოგიდგენთ იური ჩიქოვანის მიერ გამოკვლეული ფეოდალური გვარებიდან ოცი გვარის გენეალოგიურ ნუსხებს და თანდართულ კომენტარებს.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ:
1. გენეალოგიურ ნუსხებში მოხსენიებულ პირთაგან ამავე ნუსხის შესაბამის კომენტარში ფიგურირებს მხოლოდ ის, ვის შესახებაც, ამ დროისთვის, ცნობილია თუნდაც ერთი ინფორმაცია (მაგ. დაბადების რიცხვი, თვე, ქორწინება, პროფესია და ა.შ.), გარდა იმ თარიღებისა, რომლებიც მითითებულია ნუსხაში. ამის შედეგია, რომ ნუსხაში, ძირითადად, მეტი ფიგურანტია, ვიდრე მის შესაბამის კომენტარში.
2. ბრჭყალებში (“.......”) მოცემული სიტყვა ან წინადადება მიუთითებს, რომ ის მეტრიკულ ჩანაწერში (ან სხვა საისტორიო დოკუმენტში) გვხვდება ამ სახით. ბრჭყალები გამოყენებულია ასევე ციტატის მოხმობისას.