1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა.
ფოტოზე: საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღმდგენი სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მონაწილენი.
პირველ რიგში, მარცხნიდან მეოთხე: დეკანოზი ე. ვეფხვაძე.
მეორე რიგში, მარცხნიდან მეორე: მღვდელი ზოსიმე ნემსიწვერიძე; მეოთხე: მღვდელი გიორგი კალანდარიშვილი; მეხუთე: დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, მეექვსე: ეპისკოპოსი პიროსი ოქროპირიძე; მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე; მერვე: კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II; მეცხრე: მიტროპოლიტი ლეონიდე ოქროპირიძე; მეათე: არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია; მეთერთმეტე: არქიმანდრიტი დოსითეოს ბერძენიშვილი; მეთორმეტე: არქიმანდრიტი დიმიტრი; მეცამეტე: არქიმანდრიტი იოანე ქარსელაძე; მეთოთხმეტე: არქიმანდრიტი გერმანე იაშვილი; მეთხუთმეტე: ხუცეს მონაზონი ეპიფანე.
მესამე რიგში, მარცხნიდან მეხუთე: დეკანოზი იოანე ლუკაშვილი; მეშვიდე: ივანე პურადაშვილი; მეოცე: მღვდელი პ. ებანოიძე.
მეოთხე რიგში, მარცხნიდან მეშვიდე: დეკანოზი ზაქარია ლუკაშვილი; მეთოთხმეტე: მღვდელი სიკო კახეთელიძე.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი, ასლი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტის ასლი საქართველოს ეროვნულ არქივში, პატრიარქ კირიონ II-ის პირად არქივში ინახება.
ამონარიდი აქტიდან:
„ამიერიდან აღდგენილად ჩაითვალოს საქართველოსა შინა ავტოკეფალური საეკლესიო მართველობაჲ, ხოლო ვიდრე კანონიერად აღირჩეოდეს კათალიკოსი საქართველოჲს ეკლესიისა, მოსაყდრედ მისა დაინიშნოს ყოვლადსამღვდელო ლეონიდე, გურია-სამეგრელოჲს ეპისკოპოსი, და მასთანი განსაგებლად ეკლესიისა, დაწესდეს მართველობაჲ საქართველოის ეკლესიისაი, სასულიეროთა და საეროთა პირთაგან შემდგარი“.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები 1917-1927 წლებში
„ამა 1917 წლის მარტის 12 რიცხვი განსაკუთრებულ გრძნობას იწვევს ყოვლის მორწმუნე ქართველის გულში. 12 მარტს 1917 წელსა დღიდან დამოუკიდებლობის დაკარგვისა საქართველოს ეკლესიამ გადადგა პირველი გაბედული ნაბიჯი თვისის ავტოკეფალური უფლების მოსაპოებლად.
დილიდან საკათალიკოსო 12 მოციქულთა ტაძარში იწყო დენა ერმა და ბერმა, ქალმა და კაცმა, დიდმა და პატარამ. ამ დროს ყოველი იქ მყოფი რაღაც აღფრთოვანებული გრძნობით მოელოდა ეკლესიის სასარგებლოდ. იწყება წირვა, მაგრამ ეს წირვა განსხვავებულია სხვა წირვებიდან, რომლებიც ამ 100 წლის განმავლობაში სრულდებოდა; ქართველ მღვდელმთავართა და მრავალ რიცხოვანი სამღვდელოების თანამსახურება სამი გუნდი მგალობელთა, არაჩვეულებრივი საქართველოს ეკლესიის მიხედვით სამოციქულოს და სახარების წაკითხვა ხალხისადმი მიქცევით, თავისუფალ ეკლესიაზე საუბარი მღვდელ-მთავარ ლეონიდესი... ნაწირვებს პარაკლისის გადახდა გალავანში, ოქმის შედგენა ხელის მოწერა იქ დამსწრეთა...“
„თეატრი და ცხოვრება“, 1917 წლის 19 მარტი (ახალ სტილით 1 აპრილი).
დევნილობაში მყოფი ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი (შემდეგში კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II) და არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია (შემდეგში კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი).
პეტერბურგი, 1910 წელი.
მარო თარხნიშვილის მოგონება:
„ამ დღისთვის მთელი ჩვენი ქართველი საზოგადოება დიდის მორწმუნეობით გაემგზავრნენ მცხეთაში, მრავალ საზოგადოებასთან ერთად ჩვენი ცნობილნი და დიდი მოღვაწენი, კომპოზიტორებიც. ზაქარია ფალიაშვილმა და დიმიტრი არაყიშვილმა გამომიგზავნეს ილიკო აბაშიძე (იმ წლებში კლასი მქონდა კონსერვატორიაში ხალხური სიმღერებისა). მთხოვეს მე და ჩემი და ეკატირინეც, ჩვენი ჯგუფიც აუცილებლათ მათთან ერთათ წავსულიყავით მცხეთაში. ჯერ უარი ვთქვი, რა უნდა გავაკეთოთ ნეტავი ჩვენ, მაგრამ უარი არ გამოვიდა. ილიკო აბაშიძემ მაინც დაგვიყოლია და დილის მატარებელზედ გავემგზავრეთ ჩვენი ჯგუფით. ჩასვლისთანავე გავემგზავრეთ სადგურიდან ფეხით. იმ დროს ძველი ხიდიც არსებობდა (კიდევ). უამრავი ხალხი მიაბნელებდა გზას. სპეციალური მატარებლები იყო დანიშნული.
უყურეთ საქართველოს მღვდელმთავრები როგორი გალობით დასტრიალებდნენ თავს, აცმევდნენ დიდებულ სამოსელს, რთამდნენ. ხელ-ფეხი დაბანეს. სადაც მირონი ამოდიოდა, შუა ეკლესიაში, წასცხეს მირონი შუბლზედ, გულზედ, ხელის გულებზედ და დაიწყო გასხივოსნებული წირვა. ჩემში ამ სანახაობამ ღრმათ დაუვიწყრათ აღბეჭდა ქრისტიანული საეკლესიო ცერემონიალი. წირვის დამთავრების შემდეგ ამორჩეული საზოგადოება გაგვამგზავრეს მონასტერში, სადაც ბევრი მოლოზნები დიასახლისობდნენ. დასხდნენ სუფრის კურ[თ]ხევის შემდეგ კირიონი და ყველა სამღვდელოება - მთავრები. მანამდის აკურთებდნენ სუფრა[ს], ყველანი ფეხ[ზ]ედ ვიდექით. სთხოვეს ჩვენს კომპოზიტორებს, რომ ჩვენ - დები თარხნიშვილები - ჩვენი ჯგუფით მათთან ერთად და დავსხედით. პირველი სადღეგრძელო კირიონისა; დავიწყე „მრავალჟამიერი“, მას მეორე სიმღერა გადავაბით: „შენ ხარ ვენახი“. იშვიათი მადლობით ზაქარია ფალიაშვილმაც და დიმიტრი არაყიშვილმაც ხელზედ კოცნით მე და ჩემ დას, ეკატირინეს, დიდი მადლობა გადაგვიხადეს. გვიან დავბრუნდით თბილისში იმავე ღამეს.
ეხლაც, როდესაც გამივლია მცხეთაში, არ შეიძლება, არ გამახსენდეს კირიონის კურთხევის ამბავი და მონასტერში სადილის პროცეს[ი]“
*მოგონება დაცულია ეროვნულ არქივში, მარო თარხნიშვილის პირად ფონდში.
სრულიად საქართველოს ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II და პირველი საეკლესიო კრების სხვა მონაწილეები.
ნუმერაციის მიხედვით: 1. კათოლიკოსი კირიონი; 2. მიტროპოლიტი ლეონიდე, 3. მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე); 4. ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე); 5. არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია); 6. არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა); 7. ექვთიმე თაყაიშვილი; 8. არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი). 15. დეკანოზი ილია კობაიძე; 25. მღვდელი ფილიმონ ქორიძე. 27. დეკანოზი ნიკოლოზ თალაქვაძე; 28. ქრისტეფორე კაპანაძე; 29. დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე; 33. დიაკვანი ბართლომე კუხიანიძე; 34. დეკანოზი მათე გორდეზიანი.
1917 წელი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის გუჯარი საქართველოს ეროვნული ყრილობის მიმართ
„ხელსა შინა თქვენთა არს მომავალი ერისა ჩვენისა, თქვენ ხართ სასო და ხელისამპყრობელ მისი. ღელავს და მძვინვარებს ზღვა ჩრდილოჲსა, სანაპიროთა თვისთაგან გადმოხეთქილი, და წარღვნასა უქადის მრავალტანჯულსა ჩვენსა მხარესა. და თქვენ, რჩეულნო ივერიისანო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა განუსვენოთ მას, მიიყვანოთ ნავსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება... საქართველო განცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბეჭდავს მატიანესა შინა კაცობრიობისასა საქმეთა თვისთა საგმიროთა. იყავნ, იყავნ!“
1917 წლის 19 ნოემბერი.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი - დიმიტრიოს I სიგელით საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების შესახებ.
ამასთან ერთად, მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო მეორე სიგელი, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკლესია პატივდებულ იქნა საპატრიარქო „ღირსებითა და ადგილით, როგორც ადრიდანვე იხსენიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში“.