საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ თუ რეგიონულ არქივებში დიდძალი მასალაა დაცული, რომელიც საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ ქართული სიძველეების მოძრაობას ასახავს: სიები, აღწერები, მდიდარი ფოტომასალა, ჩანახატები, ნახაზები და ა. შ. ყველაზე ცნობილი და გახმაურებული ისტორიების გვერდით უამრავი ისეთი ამბავია, რომელიც ჯერ კიდევ მოელის სამეცნიერო მიმოქცევაში შესვლას.
საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი XVIII-XX საუკუნეებში საქართველოდან განძის გატანის ყველაზე მასშტაბური შემთხვევები (ბატონიშვილების ქონება, ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნული განძი, საფრანგეთში გატანილი სიძველეები და ა. შ). ამ განძის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა, თუმცა ნაწილი ან დაიკარგა ან უცხოეთის სხვადასხვა მუზეუმში თუ კერძო კოლექციაშია განთავსებული.
პროექტის მიზანია ამ თემაზე ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების ერთად თავმოყრა, შესწავლა და როგორც მონოგრაფიული ნაშრომის, ისე ალბომის მომზადება შესაბამისი საილუსტრაციო მასალის დართვით.
პროექტის დასრულებამდე საზოგადოებას ეტაპობრივად წარედგინება გამოვლენილი სიახლეები და გაკეთებული დასკვნები.