საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ეროვნულმა არქივმა განახორციელა სტუდენტურ სამეცნიერო პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“.
პროექტის მიზანი იყო სტუდენტებს სამეცნიერო კვლევის ჩვევები განევითარებინათ, დაეუფლებოდნენ საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის უნარებს და დაეწერათ სამეცნიერო სტატია საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემატიკაზე.
კონკურსის შედეგად შერჩეული სამი სტუდენტი ორი თვის განმავლობაში - 2018 წლის იანვრიდან მარტამდე საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საკუთარი კვლევის მიმართულებით საარქივო მასალის ელექტრონულ ასლებსა და ორიგინალებზე მუშაობდნენ.
პროექტში სამი სტუდენტი მონაწილეობდა: თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი ნიკოლოზ სეფიაშვილი (თემა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო და ფულადი ნიშნების ემისია); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ჯავახიშვილი (თემა: საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საკითხი სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმების მიხედვით); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი კონსტანტინე გოგიბერიძე (თემა: საქართველოს პირველი რესპუბლიკის განათლების რეფორმა).
პროექტის მიზანი იყო 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების კვლევა, გააზრება და დასკვნების გამოტანა იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში კვლევის სფეროდ აქციონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაში, რაც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფასი და საჭირო მასალა - საარქივო პირველწყარო - საკუთარ ნაშრომებში გამოიყენონ.
ნიკოლოზ სეფიაშვილმა, გიორგი ჯავახიშვილმა და კონსტანტინე გოგიბერიძემ კვლევის შედეგები ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამართულ პრეზენტაციაზე 2018 წლის 27 მარტს წარადგინეს.
2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი შესრულდა. სტუდენტური კვლევითი პროექტი ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომელთაც ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ეროვნული არქივი მიმდინარე წელს გეგმავს.
იხილეთ პროექტში გამარჯვებული სტუდენტების კვლევა:
1. გიორგი ჯავახიშვილი, „სამხედრო საბჭოს საქმიანობა 1919-1920 წლებში საბჭოს სხდომების ოქმების მიხედვით (საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა)“
2. ნიკოლოზ სეფიაშვილი, „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, პირველი ქართული ფულადი ნიშნების ემისია 1918-1921 წლებში“
3. ნიკოლოზ სეფიაშვილი, „ერთ ბანკნოტში ჩატეული საქართველოს ისტორია“
4. კონსტანტინე გოგიბერიძე, „საღმრთო სჯულის სწავლება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში“.
5. ნიკოლოზ სეფიაშვილი, "საბჭოთა რუსეთის ფინანსური დაზვერვის საიდუმლო ოპერაცია - 1921 წლის რუსეთს-აქართველოს ომის უცნობი დეტალები". (კვლევა დაემატა 2022 წელს).