უკან დაბრუნება

ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან „ლადო გუდიაშვილი“

რეჟისორი შერგილ შონია. 1974 წელი.

ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოსა და თეატრის მხატვარი ლადო გუდიაშვილი 1896 წლის 30 მარტს (ძველი სტილით 18 მარტს) დაიბადა.


იგი 1910-1914 წლებში კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში სწავლობდა. მისი პედაგოგები იყვნენ: იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე, ოსკარ შმერლინგი და სხვები. 

 

1914-1917 წლებში თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალთან, ქმნიდა ილუსტრაციებსა და შარჟებს. ამავე პერიოდიდან მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ გამოფენებში.   


1915 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობაც დაიწყო. 

 

 

მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის შარჟი ლადო გუდიაშვილის შესრულებით.


„ომი რომ გათავდეს კიდეც, ჩემი იუბილე არ გათავდება!“


ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, 1917 წლის იანვარი, #8.


ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 50 წლის იუბილე 1913 წელს შესრულდა, ხოლო სასცენო მოღვაწეობიდან 30 წელი - 1916 წელს. თეატრალური საზოგადოება გამოჩენილი მსახიობის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავდა. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი და მხატვარმა შარჟში ეს ორი თემა იუმორით დააკავშირა.

ლადო გუდიაშვილი - პოლიტიკოსი


საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიაში ლადო გუდიაშვილი ჩაიწერა, როგორც პოლიტიკოსი. ის მონაწილეობდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების - არჩევნებში. ხელოვნების სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად 1919 წლის იანვარში იგი მონაწილეობდა პარტია „ესტეტიური ლიგა პატრიოტების“ შექმნაში. ხელოვანთა ახალშექმნილი პარტია არჩევნებში დამარცხდა.

დოკუმენტში წარმოდგენილია „ესტეტიური ლიგა პატრიოტების“ საარჩევნო სია: 1. პაოლო იაშვილი, 2. იაკობ ნიკოლაძე, 3. პავლე ინგოროყვა, 4. ტიციან ტაბიძე, 5. ვლადიმერ გუდიაშვილი, 6. ალექსი არსენიშვილი.

ხელნაწერ სიას ახლავს კანდიდატთა თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

1919 წელს ლადო გუდიაშვილი, სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად, სასწავლებლად პარიზში გაემგზავრა. მასთან ერთად საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად წავიდნენ: ქეთევან მაღალაშვილი, დავით კაკაბაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, მიხეილ ჭიაურელი, ელენე ახვლედიანი და სხვები.

ლადო გუდიაშვილი პოლ რანსონის აკადემიაში სწავლობდა. მან პარიზში 1926 წლამდე იცხოვრა.

დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი, ქეთევან მაღალაშვილი და ლადო გუდიაშვილი. 

1920-1921 წლები, პარიზი.

"გაცნობებთ, რომ ვერ მოვითმინე და ვირთამ ცოლს და მგონებ რომ უკეთ წამივა ჩემი ხელოვნების საქმე", - წერს
ლადო გუდიაშვილი აკაკი ჩხენკელს – საქართველოს დევნილი მთავრობის წარმომადგენელს.

პარიზი. 1925 წლის მარტი. 29 წლის ქართველი მხატვარი ცოლად ირთავს ფრანგ მწერალ ქალს - ჟანა ჟოფრეს. ამ ყველაფრის ფონი კი მხატვრის შემოქმედებითი აღმავლობაა: პარიზში იმართება ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა, გამოდის წიგნი მისი შემოქმედების შესახებ, მისი ნამუშევრებით ინტერესდებიან კერძო კოლექციონერები თუ მუზეუმები.

„თუმცა კი მოგეხსენებათ მარტოხელა კაცის ცხოვრება თუ რა ძნელია, ამიტომ [როგორ] მოხვდა მე თითონაც ვერ გავიგე ეს აქტი გაცოლიანებისა“ - წერს მხატვარი.

საქართველოში დაბრუნებიდან მცირე ხანში ლადო გუდიაშვილი და ჟანა ჟოფრე განქორწინდნენ. მხატვარმა 1933 წელს ცოლად შეირთო ნინო მგელაძე.

ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, რუსიკო მდივანი და ქეთევან მაღალაშვილი.

პარიზი, 1923 წელი. 

დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექცია.

ესკიზები ოპერისათვის „გულნარა“, 1924 წელი, პარიზი

ლადო გუდიაშვილმა ესკიზები ერეკლე ჯაბადარის ოპერისათვის „გულნარა“ პარიზში 1924 წელს შექმნა.

მუყაო, აკვარელი.

ერეკლე ჯაბადარმა ოპერის ლიბრეტოდ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელეონორა“ გამოიყენა.

„გულნარა“ 1924 წელს ოპერა „გრანდ-ოპერის“ რეპერტუარში შეიტანეს; დადგმა არ განხორციელებულა, თუმცა ნაწყვეტები ოპერიდან რამდენჯერმე შესრულდა.

ესკიზების ორიგინალები დაცულია ერეკლე ჯაბადარის საარქივო ფონდში.



ნოტები ფორტეპიანოსათვის „ო დაილი, დაილი, კავკასიური ცეკვა“.


გარეკანის მხატვრობა: ლადო გუდიაშვილი.

1920-იანი წლები.

ერთ-ერთი პირველი ქართული ანიმაციური ფილმი „კოლხიდა (არგონავტები)“ ლადო გუდიაშვილის ნახატებით 1934-1935 წლებში არის შექმნილი.

რეჟისორი: ლადო მუჯირი

მთავარი მხატვარი: ლადო გუდიაშვილი 

კომპოზიტორი: შალვა აზმაიფარაშვილი. 

ლადო გუდიაშვილის ავტობიოგრაფია.

1964 წლის 12 აგვისტო. 

დოკუმენტი დაცულია შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების სახელმწიფო კომიტეტის საარქივო მასალაში.