უკან დაბრუნება

ფრაგმენტი ფილმიდან „დავით კლდიაშვილი“

ამონარიდს დავით კლდიაშვილის მოგონებებიდან „ჩემი ცხოვრების გზაზე“ კითხულობს მსახიობი ეროსი მანჯგალაძე 1962 წელი. რეჟისორი ვ. ალავიძე.

დავით კლდიაშვილი 1862 წლის 11 სექტემბერს (ძველი სტილით 29 აგვისტოს) სოფელ სიმონეთში სამსონ კლდიაშვილისა და კესარია ღოღობერიძის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფელ ხომულში ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ოჯახში გაატარა.

 

დავითს წერა-კითხვა დედამ შეასწავლა, შემდეგ ქუთაისში მრელოვის მოსამზადებელ სასწავლებელში მიაბარეს. 1872 წელს, 9 წლის ასაკში, მშობლებმა სასწავლებლად კიევის სამხედრო სასწავლებელში გააგზავნეს.

 

„სამი წელიწადი ვიყავი ისე, რომ მშობლები არ მინახავს, სამი წლის შემდეგ გაზაფხულზედ მომივიდა ფული და ეგზამენების შემდეგ გამოვსწიე სახლისაკენ კანიკულებზედ. ქართული უკვე დავიწყებული მქონდა. ორი კვირა ქუთაისში დავრჩი და რადგან დედაჩემმა რუსული არ იცოდა მე და ქართული - ამიტომ წავიყვანე თარჯიმნად ჩემი თანატოლი ბიძაშვილი და წავედი სოფელში დედასთან... სიხარულის ტირილით შემხვდა დედა, რომელიც მეტად დაავადმყოფებული იყო ჯავრისაგან ამ სამი წლის განმავლობაში... ამ ზაფხულში გვარიანად გავიხსენე ენა და როცა გავბრუნდი გიმნაზიაში, თან წავიღე პატარა-პატარა წიგნები. აქედან შემდეგ ყოველ წლობით საზაფხულო არდადეგებზედ ვბრუნდებოდი სახლში და თანდათან უფრო ვახერხებდი ქართულ ლაპარაკს და ისე აღარ დამვიწყნია, როგორც ზოგიერთ ჩემს ამხანაგებს...“, - წერს დავით კლდიაშვილი თავის მოგონებებში „ჩემი ცხოვრების გზაზედ“.

 

კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის დასრულების შემდეგ, 1880-82 წლებში მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. 1882 წლის სექტემბრიდან კი სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის სამხედრო ნაწილში დაიწყო სამსახური, თოფ-იარაღის შემკეთებელი სახელოსნოს უფროსად. 

კლდიაშვილების სახლი სოფელ სიმონეთში

დავით კლდიაშვილი ბათუმში ცხოვრებისას აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. მწერალი მოგონებებში იხსენებს, რომ ბათუმში 1882 წლისთვის სულ 4000 მცხოვრები იყო. ქალაქს რამდენიმე ვიწყო და მოუკირწყლავი ქუჩა ჰქონდა. ამ დროისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას ერთი წლის გახსნილი ჰქონდა ქართულ სკოლა, რომელსაც ბათუმის ქართველობა დიდ დახმარებას უწევდა, განსაკუთრებით კი პოლიცმეისტერ დურმიშხან ჟურულის ოჯახი. ამასთანავე ჟურულის მეუღლე ქეთევანი იყო “ბათუმის ქართული საზოგადოების “თავმომყრელი და სულის ჩამდგმელი“.


ფოტოზე: ბათუმი, 1880-იანი წლები.

„მიმიყვანეს ჟურულის ოჯახში და გააცვნეს ჩემი თავი. ქეთევანმა რამდენიმე ხნის შემდეგ საქმეში ჩამაბა. იმართებოდა წარმოდგენა სკოლის სასარგებლოდ; იდგმებოდა გიორგი ერისთავის „გაყრა“, მე დამაკისრეს გაბრიელის როლი... ჩამაჯენდა სავარძელში ქეთევანი და მათქმევინებდა როლს. ერთი ათჯერ, თხუთმეტჯერ უნდა გამემეორნა ჩემი მონოლოგი; გაწვალებული ვიყავი ასეთი სწავლით, მაგრამ არანაკლები გაწვალებული იყო ჩემი მასწავლებელი, რომელიც შემომძახებდა ხანდახან მოთმინებადაკარგული: “არ შეიძლება ასე, ყმაწვილო, უნდა ისწავლოთ ქართული, ქართველი ხართ!” მეც ძალიან მოწადინებული ვიყავი მესწავლა ჩემი ენა, მაგრამ წარმატებაში ნელი ნაბიჯით შევდიოდი”.

 

„ჩემი ცხოვრების გზაზედ“

დავით კლდიაშვილი (ქვემოთ), 1885

დავით კლდიაშვილი წერს, რომ პატარა ზღვისპირა ქალაქში დუნედ მიმავალ ცხოვრებას ქუთაისის თეატრის წარმოდგენები აცოცხლებდა. დასი ზაფხულობით სამოქალაქო სასწავლებლის ეზოში, პატარა შენობაში სპექტაკლებს მართავდა. იქ მოწყობილ სცენაზე ასიოდე მაყურებელი ეტეოდა. კლდიაშვილზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენიათ მარიამ (მაკო) საფაროვა-აბაშიძეს, ქეთო ანდრონიკაშვილს, ვასო აბაშიძეს, ალექსანდრე (სანდრო) ყაზბეგს. ერთხელ სცენაზეც გამოსულა მათთან ერთად, სპექტაკლ „სამშობლოში“ გოგია დიაკვანის როლი შეუსრულებია. ალექსანდრე ყაზბეგი კი ამავე სპექტაკში სიმონ ლეონიძის როლს ასრულებდა.

„მესამე მოქმედებაში გატაცებით რომ მიმართავდა მეტეხის ციხეში თავმოყრილ შემთქმელებს, მე შიშისაგან დაბნეულმა წამოვავლე ხელი ბაირაღს და გავედი სცენაზედ და სანდროს მივაჩხირე ბაირაღი. გაიტანა გარეთ, მეც უკან გავყევი დარცხვენილი, რომ ასე უდროო დროს შემოვიჭერი სცენაზე და ასეთი სიბრიყვე ჩავიდინე“.



„ჩემი ცხოვრების გზაზედ“






1882 წელს დავით კლდიაშვილმა სოფელ კაცხში მცხოვრები პავლე მაჭავარიანი გაიცნო და მის ოჯახს დაუახლოვდა. 1880-იანი წლების ბოლოს დავითმა პავლეს ქალიშვილი მარიამი ცოლად შეირთო. როგორც შემდეგ იგონებდა, სწორედ მისი სიმამრის, პავლე მაჭავარიანის მონათხრობი დაუდო საფუძვლად „სამანიშვილის დედინაცვალს“.

ფოტოზე: დავით კლდიაშვილი, მისი მეუღლე მარიამ მაჭავარიანი-კლდიაშვილისა და შვილები: სიმონი, სერგო და ნინო.


ბათუმი, 1897 წელი.

დავით კლდიაშვილის პირველი ლიტერატურული ნაშრომი, გერმანულიდან თარგმნილი პატარა ამბავი, ჟურნალ „ნობათში“ 1883 წელს დაიბეჭდა.

 

1893 წლიდან საკუთარი ნაწარმოებების ბეჭდვა დაიწყო. ამ წელს იხილა მკითხველმა „მსხვერპლი“ და „შერისხვა“. 1894 დაიბეჭდა „სოლომან მორბელაძე“, 1897 წელს კი - „სამანიშვილის დედინაცვალი“. დავით კლდიაშვილის კალამს ეკუთვნის „დარისპანის გასაჭირი“, „უბედურება“, „ბაკულას ღორები“, „ირინეს ბედნიერება“, „მიქელა“ და სხვ. 

 

დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები არაერთ ფილმსა და სპექტაკლს დაედო საფუძვლად. 1929 წელს, მწერლის სიცოცხლეშივე, რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა „სამანიშვილის დედინაცვალი“ გადაიღო (ამავე ნაწარმოებზე 1977 წლის შექმნილი მხატვრული ფილმი  რეჟისორ ელდარ შენგელაიას ეკუთვნის). 

 

კლდიაშვილის მოთხობების მოტივებზეა გადაღებული დავით რონდელის „დაკარგული სამოთხე“, რომელიც 1937 წელს გამოვიდა ეკრანებზე. 

 

რეჟისორ ბიძინა რაჭველიშვილის მხატვრული ფილმი „ბაკულას ღორები“ მაყურებელმა 1976 წელს იხილა

მხატვრული ფილმი „სამანიშვილის დედინაცვალი“, გადასაღები მოედანი. 1929 წელი

მხატვრული ფილმი „დაკარგული სამოთხე“, გადასაღები მოედანი. 1937 წელი.

მხატვრული ფილმი „სამანიშვილის დედინაცვალი“, გადასაღები მოედანი. 1977 წელი

საქართველოს ეროვნული არქივი დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების აუდიოწიგნებსაც ინახავს:

 



სოლომან მორბელაძე - დავით კლდიაშვილი. კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე, 1968 წ.



როსტომ მანველიძე - დავით კლდიაშვილი. კითხულობს: თამაზ კვაჭანტირაძე, 2014 წ.

1905 წლის რევოლუციის შემდეგ დავით კლდიაშვილი, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.

 

1905 წლიდან ჯერ ქუთაისის ქალაქის გამგეობაში, შემდეგ კი ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა.

 

1914 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე და ლაზისტანში დანიშნეს კომენდანტად.

 

1918 წლის თებერვალში ბათუმში, აჭარის წყალზე, ეწეოდა სამხედრო სამსახურს. ამ წლის 31 მარტს აჭარიდან უკანასკნელ მატარებელს გამოჰყვა. 

 

1919 წლის პირველი სექტემბრიდან მსახურობდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში - პირველი დივიზიის შტაბში. ჯარების რეორგანიზაციის შემდეგ კი, 1920 წლიდან, გადაიყვანეს რეზერვში.  

 

აკაკის წერეთლის მოგზაურობა სოფელ მუხიანში (წყალტუბო)

აკაკი წერეთლის მარჯვნივ სხედან: პოეტი ანეტა იურკევიჩი და ვარლამ რუხაძე, მარცხნივ - დავით კლდიაშვილი. მარჯვნიდან მეორე დგას ვასილ ამაშუკელი.

1913 წლის 15 სექტემბერი.

ფოტო დაბეჭდილია პუშკინის ფოტოატელიეში.

დავით კლდიაშვილი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. 

 

გალაკტიონ ტაბიძე: 

„როდესაც ხელთ ვიღებ დავით კლდიაშვილის წიგნს, არ შეიძლება, არ გავიფიქრო: აი, კლდიაშვილი, განუმეორებლად მეტყველი, თავისებური კოლორიტით მწერალი (არ დაგავიწყდეთ: პირველი ქართველი სახალხო მწერალი). არ შეიძლება არ გაგახსენდეს პაოლო იაშვილის სტრიქონები: „და გადაიქცა ეს იმერეთი არაბულ ზღაპრის დაბოლოებად“. რომ დავით კლდიაშვილი არა, დაუხატველი დარჩებოდა მსოფლიო ლიტერატურაში სოლომონ მორბელაძე, ვერც ერთი მწერალი ვერ მოისაზრებდა, გამოესახა ბეკინა, და ერთად ერთი მთელ შავიზღვისპირეთზე დარისპანი, რომელიც მოგზაურობს თავისი ურყევი მიზნით. მოგზაურობს იგი თავისი ლაფჩინებით, ხურჯინით და „იმე-იმე“-თი. რომ დავით კლდიაშვილი არა, დაუხატველი დარჩებოდა კაროჟნა, მშვენიერზე მშვენიერი კაროჟნა“.

გალაკტიონის დღიური. 1954 წლის 27 დეკემბერი. 

დავით კლდიაშვილი და მისი მეგობარი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ჟურნალ-გაზეთების კანტორა „იმერეთში“, 1910-იანი წლები


გრიგოლ რობაქიძის წერილი გერმანიიდან დავით კლდიაშვილისადმი, 1927 წლის აგვისტო:

„ძვირფასო დათიკო, ტიციანი მწერს, თუ როგორ დატრიალებულხარ ჩემთვის. გითხრა მადლობა? ეს ცოტა იქნება. მე შენ .ერთხელ „ჩიტის გული“ გიწოდე. ეს გული ჰქონდა მინდიას, საქართველოს გულთამხილველს. მინდა ამ წამს აგიყვანო ხელში და აგაბურთავო. შენ ცრემლი მოგივა. მეც ცრემლი მომივა. ხოლო არ ვიცი, რომელს უფრო გაგვეხარდება. დავით მწერალო: შენისთანას აქ ვერავინ სწერს. ეს არის გადამეტება. აჯამეთის ზურმუხტი ჯადო არის და შენ სიტყვას აქვს ეს ჯადო. ევროპაში, საცა გული აღარაა, მე მარტო გულით ვცოცხლობ. ვაი თუ დაიფერფლოს მთლად. მაგრამ დაფერფვლის წამსაც შენ ჩემს გულს გაახსენდები და უკანასკნელად ამცნევს იგი: ღირდა სიცოცხლე. ნეტავ შენს ნახვას მოვესწრებოდე.

შენი გრიგოლ რობაქიძე“.

დავით კლდიაშვილი 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ წერდა:

„ქართველი ერის თავისუფლება მითი მახარებს, რომ მას ეძლევა საღსარი ანავითაროს ის მშვენიერი სული, მასში რომ არის ჩანერგილი და მწამს, რომ ამით ქართველი ერი შევა სანატრელ მოძმეთ დანარჩენ კაცობრიობაში.

დიდება ქართველი ერის დიად სულს!

21 ივლისი, 1918 წელი.

ქ. ქუთაისი

დავ. კლდიაშვილი“

 

შენიშვნა: საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ავტოგრაფის ფოტოასლი.

1920 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ დავით კლდიაშვილის სამწერლო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე აღნიშნა.

 

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მწერალი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. იქ ხანდაზმულმა დავით კლდიაშვილმა კიდევ რამდენიმე მოთხრობა დაწერა. 1924-1926 წლებში დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას“ და „კიმოთე მეშველიძე“. 1925 წელს გამოქვეყნდა მოგონებები: „ჩემი ცხოვრების გზაზე“.

 

1930 წლის ზაფხულში კლდიაშვილს სამწერლო მოღვაწეობის 40 წლისთავი გადაუხადეს და რესპუბლიკის სახალხო მწერლის წოდება მიანიჭეს.

 

ფრაგმენტები მწერლის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეოდ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან „დავით კლდიაშვილი“.

1962 წელი. რეჟისორი ვ. ალავიძე.

 

მწერალი მშობლიურ სოფელ სიმონეთში 1931 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა. იგი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. 

 

დავით კლდიაშვილის დაკრძალვა.

ფრაგმენტები კინოსიუჟეტიდან. 1931 წლის აპრილი.