უკან დაბრუნება

ფრაგმენტი ფილმიდან „სესილია თაყაიშვილი“

რეჟისორი თემურ ბაქრაძე. საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია. 1980 წელი.

სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა.

 

მამა - დიმიტრი თაყაიშვილი - ექვთიმე თაყაიშვილის ბიძაშვილი იყო. იგი თეატრისა და პოეზიის მოტრფიალე გახლდათ, თავადაც წერდა იუმორისტულ ლექსებს.

 

დედა - მარიამ ბერეჟიანი-თაყაიშვილი.

 

სესილია პირველი როლი 7 წლისას უთამაშია. შალვა დადიანის "მოგზაური დასის" ერთ-ერთმა მსახიობმა ელო ანდრონიკაშვილმა იგი საშინაო წარმოდგენაში; "ყვავილთა შორის" ათამაშა. სესილიამ სპექტაკლში ყვავილისა და ანგელოზის როლები განასახიერა. ასე დაიწყო მისი თეატრალური ცხოვრება.

 

საშინაო წარმოდგენას მოჰყვა ბენეფისი, რომელიც 1914 წლის 6 თებერვალს გაიმართა ბათუმის თეატრში. წარმოდგენაში დანარჩენ ექვს ბავშვთან ერთად პატარა სესილია ანგელოზს განასახიერებდა. დარბაზში შუქი ჩაქრა, ხმაური მიწყდა და საცაა ფარდა უნდა გახსნილიყო. არაჩვეულებრივი განცდა დამეუფლა, იმდროინდელი ბათუმის თეატრის ძლივს შეკოწიწებული დეკორაციაც ზღაპრულ სამყაროდ გადაიქცა და მღელვარებამ ხელ-ფეხი შემიკრა, - იგონებდა შემდეგში სესილია.

 

1914 წელს თაყაიშვილების ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. 1915 წლიდან სესილია ჯერ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა, ხოლო შემდეგ - ქალთა პირველ გიმნაზიაში. 1924-26 წლებში; სესილია სწავლობდა თბილისის აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე ვასო გოძიაშვილი. ვასომ და სესილიამ 6 წელი იცხოვრეს ერთად და ერთი ვაჟი - დავითი - შეეძინათ.

 

აკაკი ფაღავას სტუდიის დამთავრებისთანავე სესილია რუსთაველის თეატრის დასის წევრი გახდა. მისი პირველი როლი ამ თეატრში ჯადოქარი ფატიმა იყო (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა „მზეთამზე“). 1930 წელს სესილიამ რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადაინაცვლა. ის ქმნიდა ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათის რთულ პერსონაჟებს. სესილია თაყაიშვილმა თეატრში 120-მდე როლი განასახიერა. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინომატოგრაფიაშიც, სადაც 1945 წლიდან მოღვაწეობდა და 40-ზე მეტ ფილმში ითამაშა.

 

1945 წელს - საქართველოს, ხოლო 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 1982 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 1983 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიიღო.

 

სესილია თაყაიშვილი 1984 წელს გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრებმა დაკრძალვამდე მსახიობის ანდერძი იპოვნეს დედის ფოტოსთან: ,,ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება... რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას".

სესილია თაყაიშვილის ოჯახი

ფრაგმენტი სესილია თაყაიშვილის ტელეინტერვიუდან, 1984 წელი. წამყვანი: ლ. ფოფხაძე





სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი და მათი შვილი დავითი.


Sesilia Takaishvili, Vaso Godziashvili and their son David.


„მოკლე ბიოგრაფია!

დავიბადე 1906 წელს წ. ბათუმში. მამა იყო მოსამსახურე. 1914 წელს გადმოვსახლდით ტბილისში. 1915 წელს ვიყავი მიღებული სახელმწიფო ხარჯზე ქალთა ინსტიტუტში, შემდეგ გადავედი პირველ ქალთა გიმნაზიაში. დავასრულე 1924 წ. 1924 წელს შევედი სათეატრო ინსტიტუტში ფაღავას ხელმძღვანელობით. დავამთავრე 1925 წელს. მიღებული ვიყავი რუსთაველის თეატრში მსახიობად. იქ დავყავი 1930 წლამდე, შემდეგ გადავედი მარჯანიშვილის სახეობის თეატრში, სადაც ვიმყოფები ამჟამად მსახიობად.


5/II 37 წ.

ს. თაყაიშვილი"

სესილია თაყაიშვილი შვილიშვილებთან, ნატო და მანანა გოძიაშვილებთან, ერთად


სესილია თაყაიშვილის საოჯახო ფოტოალბომიდან


Sesilia Takaishvili with her grandchildren – Nato and Manana Godziashvili


From the family album of Sesilia Takaishvili

კოლეგების გარემოცვაში

სესილია თაყაიშვილის თეატრალური როლები

ფრაგმენტი სპექტაკლ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ აუდიოჩანაწერიდან, 1963 წელი

გამორჩეულია სესილია თაყაიშვილის კინოროლები. პირველი მხატვრული ფილმი, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, 1945 წელს გადაღებული მხატვრულ ფილმი „ჭირვეული მეზობლებია“. 39 წლის განმავლობაში სესილია კიდევ 39 ფილმში გადაიღეს.  მათ შორისაა: „ჩვენი ეზო“, „საბუდარელი ჭაბუკი“, „მანანა“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯარებელი ამბავი“ და სხვ.  

მხატვრული ფილმი „აბეზარა“, 1956 წელი

მხატვრული ფილმი „ჩვენი ეზო“, 1956 წელი

მხატვრული ფილმი „მანანა“, 1958 წელი

მხატვრული ფილმი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 1962 წელი

მხატვრული ფილმი „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, 1965 წელი

მხატვრული ფილმი „პიერი — მილიციის თანამშრომელი“, 1965 წელი

მხატვრული ფილმი „დიდოსტატის მარჯვენა“, 1969 წელი

მხატვრული ფილმი „ნატვრის ხე“, 1976 წელი

მხატვრული ფილმი „ესკულაპეს მოწაფე“, 1977 წელი

სატელევიზიო სერიალი „დათა თუთაშხია“, 1978 წელი

მხატვრული ფილმი „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, 1984 წელი

ელდარ შენგელაიას მოგონება:

„ცისფერი მთების“ სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ბუღალტრის როლზე უკვე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი კიდეც შინ.

– დეიდა სესილია, აი, სცენარი, მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა გაეცნოთ და…

– ყველაფერი დამთავრდა, არანაირ ფილმში აღარ ვითამაშებ, არც თეატრში ვთამაშობ. გაიგეთ, არ შემიძლია…

მაშინ ცოტა ვიეშმაკე და ასეთი რამ ვუთხარი:

– იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.
– რომელი რედაქტორი მე ვარ, სცენარი ვიკითხო. მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხო, – მომახალა.
ფარ-ხმალი არ დავყარე და როგორც იქნა, დავითანხმე… მეორე დღესვე დავურეკე და ვკითხე:
– კითხვა ხომ არ დაგიწყიათ-მეთქი?
– წავიკითხე. მოდი და რაღაცებს გეტყვი. იმწამსვე გავვარდი… კარი თავად გააღო და რას ვხედავ, საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია: ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს, ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს:
– აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს და ქაღალდებით ხელში სულ უნდა დადიოდესო, – მითხრა.
– დეიდა სესილია, აგერ არა ხართ-მეთქი? – შევაპარე.
– არა, არა, მე არ შემიძლია, არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა. გაიგე რა, მე უკვე იმ ასაკისა ვარ…
– ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს.

- მეც მაქანავებსო, - შემომჩივლა. ბოლოს და ბოლოს, მაინც მითხრა:

– კარგი, მაგრამ იჩქარე. იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.

გადასაღებ მოედანზე დიქტატორ რეჟისორებს არ ვგავარ, მაგრამ ამ შემთხვევაში გავხდი დიქტატორზე დიქტატორი, უმკაცრესი დისციპლინით. ზოგჯერ გადაღებაზე საავადმყოფოდან მოგვყავდა, მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა…“

„მარტოობა“ - რეზო ინანიშვილის მოთხრობას კითხულობს სესილია თაყაიშვილი. 1984 წელი.