ნაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან "საქართველოს უკანასკნელი ომი".
საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანე", 1990 წელი. ავტორი ნინო ნატროშვილი.
ფილმში გამოყენებულია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, 1918-1921 წლებში გადაღებული კინოკადრები.
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის რუკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის დოკუმენტებიდან. 1921 წელი.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის ამსახველი უნიკალური კადრები. კადრებში ნაჩვენებია: თბილისის თავდაცვის მარჯვენა და ცენტრალური სექტორის კადრები, სანგრებში მყოფი ჯარისკაცები, რუსი ტყვეების შემოყვანა თბილისში, ქართული არმიის უკანდახევა თბილისიდან. ფრაგმენტი ფილმიდან „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის კინოქრონიკა“, რეჟისორი ნინო ნატროშვილი. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
„აიღეთ ხმალი ხელში, აამუშავეთ ქალი და კაცი, შექმენით ახალი რაზმები, დაიცავით შიგნით წესიერება, ალაგმეთ მოღალატენი და ორგული. იცოდეთ, რომ გამარჯვებული ბოლშევიკები გაგძარცვავენ და გაგჟლეტენ. მათ გასტეხეს მხოლოდ თქვენი მხნეობა და თავის დადება.
შეაჩერეთ ჩვეულებრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მუშაობა და მოჰკიდეთ ხელი მარტოდ მარტო თავის დაცვას. მეტი მეომარი, მეტი იარაღი, მეტი სურსათი, - აი რას ითხოვს თქვენგან სამშობლო და ეს უნდა მოგვაწოდოთ ყოველ დღე გამარჯვებამდე.
ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ დავრჩებით, შევქმნათ ერთი მთლიანი თავგანწირული ძალა და ჩვენს ირგვლივ შემოიკრიბებიან მშველელნი.
ქართველო ხალხო, ხელი ხმალს იკარ, მტერთა ისმიან ხმანია!
საქართველო მოკვდება, მაგრამ ის მტერს არ დანებდება!“
საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას მიმართვა. 1921 წლის 16 თებერვლის დილა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება
საქართველოს შეიარაღებული ძალების სანიტარიული მატარებელი. თბილისი, 1918-1921 წლები
რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, 1921 წლის 16 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილის მიერ საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან არსებული თავდაცვის კომიტეტისადმი გაგზავნილი წერილი
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოცენტები, ლექტორები, ასისტენტები და საზოგადოდ სამეცნიერო სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის წევრები მზად არიან ყველანი, მთელი თავისი ცოდნა გამოცდილება და სიცოცხლე შესწირონ საფრთხეში მყოფის ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს და სთხოვენ კომიტეტს, რათა მათი გონებრივი თუ ფიზიკური ძალა გამოიყენოს ისე როგორც, მას საუმჯობესოდ მიაჩნია სამშობლოს დაცვის მიზნებისათვის“.
დოკუმენტეს ხელს აწერენ: უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი და საბჭოს მდივანი აკაკი შანიძე.
წერილს ერთვოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის სია.
1921 წლის 24 თებერვალს ტაბახმელის N4 სანგართან მომხდარი ბრძოლის ამსახველი რუკა. შედგენილია პოლკოვნიკ (შემდგომში პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის) ალექსანდრე ჩხეიძის მიერ.
ამონარიდები 1921 წლის თებერვლის გაზეთებიდან
ტელეფონოგრამები ომის მიმდინარეობისას
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში დაღუპული სახალხო გვარდიელები. თბილისი, 1921 წლის თებერვლის ბოლო.
1921 წლის 19 თებერვალს ყუმბარის ნამსხვრევებით დაიღუპა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, მოწყალების და მარო მაყაშვილი.
მარცხნივ: მარო მაყაშვილის გიმნაზიაში მოსწავლეობის პერიოდის ფოტო.
მარჯვნივ: გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1921 წლის 23 თებერვლის ნომერში დაბეჭდილი ნეკროლოგი.
საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის შემოსვლა თბილისში. 1921 წლის 25 თებერვალი
1921 წელი, 25 თებერვალი. ორჯონიკიძის დეპეშა მოსკოვს - ლენინს და სტალინს. დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ საქართველოს დედაქალაქში შემოვიდა „სიკვდილი ცელით“.
ქართველი ბოლშევიკი 1921 წლის 25 თებერვალს ვლადიმერ ლენინსა და იოსებ სტალინს ბაქოდან წერს: „Ленину, Сталину, Баку. 25.II. 21 г. Над Тифлисом реет Красное Знамя Советской Власти. Да Здравствуйет Советская Грузия! Орджоникидзе“.
თარგმანი: „ლენინს, სტალინს, ბაქო. 25.II.21 წ. თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. ორჯონიკიძე“. ფოტორეპროდუქცია.