ხელნაწერის ანდერძში ერთად არიან მოხსენიებულები თამარ მეფე, დავით სოსლანი და ტახტის მემკვიდრე - ლაშა-გიორგი. სახარება ტაო-კლარჯული ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მის ყდას ოდესღაც ბექა ოპიზრის ჭედურობა ამშვენებდა.
ანჩის სახარება სოფრომ მწიგნობარმა წყაროსთავის მონასტერში შეიძინა, ბექა ოპიზარს მოაჭედვინა და ანჩის ღვთაების ხატს შესწირა. ამას გვამცნობს ხელნაწერის ანდერძი და, ასევე, ხელნაწერის ბოლოს დართული, აკროსტიხით გაწყობილი თორმეტმარცვლოვანი იამბიკო.
დღეისათვის ხელნაწერი თითქმის სრულადაა მოღწეული: ოთხივე სახარება, საძიებლები, საწელიწდო საკითხავები; ტექსტი გიორგი მთაწმიდელის რედაქციისაა.
სახარებაში ოდესღაც 4 მინიატურა იყო ჩართული, რომელთაგან მხოლოდ ერთი შემორჩა. საერო პირებთან ერთად ანდერძში მოხსენიებულები არიან სასულიერო პირები: ანჩელი ეპისკოპოსები - თეოდორე ანჩელი და იოანე რკინაელი.
ანჩის სახარების ამჟამინდელი ყდა გვიან შუასაუკუნეებში ვინმე ენუქის მიერ არის შემქნილი.