კოლექციაში წარმოდგენილია სურათები, რომელიც ვიტორიო სელამ საქართველოში მოგზაურობისას 1889, 1890 და 1896 წლებში გადაიღო. სტანდარტულ, პანორამულ და სტერეოსკოპულ ფოტოებზე ასახულია სვანეთის მწვერვალები, მყინვარები, ხეობები, სოფლები. მათ შორისაა: გისტოლას, თეთნულდის, უშბას, იალბუზის, ლაჰილის, ასევე, მესტიისა და სოფლების: უშგულის, მაზერის, მულახის, ადიშის, ღების ხედები. სელას ფოტოკამერამ ასევე აღბეჭდა სვანეთისა და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობის ეთნოგრაფიული შინაარსის სურათები.
სელას ნამუშევრებს იტალიაში მთარგმნელმა და რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა 1980-იან წლებში მიაკვლია. მან ფოტოების ერთი ნაწილი საქართველოს ეროვნულ არქივს 1983 წელს გადასცა. 2018 წელს კოლექცია შეივსო რეზო თაბუკაშვილის შვილის, ლაშა თაბუკაშვილის მიერ არქივისთვის გადაცემული ამავე შინაარსის სხვა ფოტოებით.