მარტი 548
en

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი

დამტკიცებული 1918 წლის 27 დეკემბერს

მხატვარი - იოსებ შარლემანი

გერბზე წმიდა გიორგის გამოსახვის ახალი წესების ავტორები - მხატვრები: დიმიტრი შევარდნაძე და დავით კაკაბაძე

 

1918 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ხელოვნების კომისიაზე გამოაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ღერბის“ შექმნის კონკურსი. კონკურსში დააყენეს ორი მთავარი პირობა: 1) დაცული უნდა ყოფილიყო ქართული სტილი, 2) რელიგიური სიმბოლიკა გერბზე არ უნდა ასახულიყო. დადგინდა, რომ გამარჯვებული პროექტის ავტორისათვის ჯილდოს სახით 2000 მანეთი გამოეყოთ.

გერბის კონცეფციზე მუშაობისას გამოიკვეთა ორი - კლდეზე მიჯაჭვული ამირანისა და ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის მოტივი. ამირანის მოტივს წინააღმდეგობა შეხვდა შინაარსის გამო. ნოე ჟორდანიას აზრით, შებოჭილი ტყვე ამირანი არ შეესაბამებოდა გათავისუფლებულ ქართველ ერს. წმინდა გიორგის მოტივი უარყვეს მისი რელიგიური შინაარსის გამო, თუმცა, საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით, გერბზე მაინც წმინდა გიორგის  გამოსახვა გადაწყდა.

1918 წლის 30 სექტემბერს მხატვრების: დიმიტრი შევარდნაძისა და დავით კაკაბაძის მონაწილეობით შემუშავდა ახალი წესები, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გერბზე გამოსახული წმინდა გიორგი: თეთრ ცხენზე ამხედრებული, გველეშაპთან მებრძოლი, შესრულებული ქართული სტილით და გამართული ჰერალდიკური წესებით.

კონკურსში გაიმარჯვა იოსებ შარლემანის პროექტმა, რომელიც სრულად შეესაბამებოდა მოთხოვნებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ (კარლო ჩხეიძემ) და ნოე ჟორდანიამ 1918 წლის 27 დეკემბერს ხელი მოაწერეს კანონს, რომელიც იმავე დღეს შევიდა ძალაში.