აპრილი 548
en

მიხეილ ჯავახიშვილზე შედგენილი ჟანდარმერიის ბარათი

"უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით" - ასე ახასიათებს ჟანდარმერიის ბარათი ქართველ კლასიკოს მწერალს - მიხეილ ჯავახიშვილს.

ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის 1 მაისს, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია. დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო.

მასში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია:

სახელი, მამის სახელი. ჯავახოვ (ზედმეტსახელი: ადამაშვილი) მიხეილ საბას ძე.

დეტალები, წოდება: გლეხი. სოფელი სიონი, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია. 

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო წერაქვი, ბორჩალოს მაზრა.

მშობლები: გარდაცვლილი

ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი

სასიყვარულო კავშირი: ოდესელი დორა ადამის ასული რეზნაკი

და, ძმა, ნათესავები: სპირიდონ, მელანია, ანასტასია, მარგარიტა. 

აღმსარებლობა: მართლმადიდებელი

სამხედრო სამსახური: 1902 წ. არმიის მეორე რანგის მებრძოლი

განათლება: ნიკიტინის მებაღეობა - მევენახეობის სასწავლებელი, იალტა; სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები.  

სამუშაო ადგილი: ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, თბილისი

ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი

დაპატიმრებული: 1910 წლის 1 მაისს,   სოციალ-ფედერალისტების მიმოწერასთან დაკავშირებით

ნასამართლობა: 1906 წელს პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (მოწოდება სახელმწიფო წყობის წინაამდეგ) „გლეხის“ გამო, მაგრამ ემალებოდა მართლმსაჯულებას.

დგომა: წელში მოხრილი

სიარული:  ჩქარი