მარტი 548
en

საზაფხულო სკოლა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“

საქართველოს ეროვნული არქივი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 17-23 ივლისს აწყობს  ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლას - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“.
პროექტის პრეზენტაცია დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო პირველი რესპუბლიკის პერიოდის ფოტო და დოკუმენტური მასალა. ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, რომელმაც პირველი რესპუბლიკის პერიოდის ისტორიის კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული არქივი ინახავს პირველი რესპუბლიკის პერიოდის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს, რომლის შესწავლა ქართველი და უცხოელი მეცნიერების ცოდნას საქართველოს 1918-1921 წლების  ისტორიის შესახებ კიდევ უფრო გააღრმავებს.
საზაფხულო სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორმა ანტონ ვაჭარაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 15 მსმენელი, მათ შორის უცხო ქვეყნის - 10 და საქართველოს 5 მოქალაქე. პროექტის მიზანია უცხოელი და ქართველი მონაწილეებისათვის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ყოფის გაცნობა; უცხოელ მეცნიერთა ინფორმირება საქართველოსა და კავკასიის რეგიონის შესახებ ეროვნულ არქივში დაცულ, 1918-1921 წლების დოკუმენტებზე; ლევილისა და ჰარვარდის კოლექციებში არსებული მასალების მნიშვნელობის წარმოჩენა რეგიონის ისტორიის კვლევისათვის; უცხო ქვეყნის სამეცნიერო წრეებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის კონტაქტების გაღრმავება.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს წამყვანი ქართველი სპეციალისტები 7 დღეში ჩაუტარებენ 23 ლექციას, რომლებიც დაიყოფა 5 მოდულად: საქართველოს პირველი დემოკრატიული ინსტიტუტები; საქართველო და გარესამყარო; საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორია; ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, ადამიანის უფლებები, პრესა; პერსპექტივები, სამომავლო კვლეევის დაგეგმვა. ამასთან, მსმენელთათვის გათვალისწინებულია კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების დათვალიერება. მონაწილეები გაეცნობიან საარქივო დოკუმენტებს, შესაბამისი პერიოდის აუდიოვიზუალურ მასალას.
პროექტის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ ქართველი მეცნიერები - პროფესორები დიმიტრი შველიძე, ოთარ ჯანელიძე, მალხაზ მაცაბერიძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ასათიანი; აგრეთვე, ახალგაზრდა მეცნიერები - ისტორიის დოქტორანტები: ბექა კობახიძე, გიორგი გაფრინდაშვილი, დიმიტრი სილაქაძე.
მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: summerschool@archives.gov.ge 5 ივნისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ. საზაფხულო სკოლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია განთავსებულია სოციალური ქსელებში:
http://archivesummerschoolgeo.blogspot.com; 
https://www.facebook.com/archivesummerschoolGEO