საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღება 30 ივნისს დასრულდება.
ღონისძიება 2021 წლის 23-24 სექტემბერს ონლაინფორმატში ჩატარდება. ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ფილოლოგია (კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა); ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა (გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, არქიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია); კულტუროლოგია (მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია); ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კონსერვაცია-რესტავრაცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის გვერდზე: https://archive.gov.ge/ge/saertashoriso-konferentsia-1.
საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება. მისი მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება და ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.