აპრილი 548
en

გამოიცა წიგნი „ქალაქ თბილისის თვითმმართველობა“

10 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის დირექტორის, მაკა კვარაცხელიას, წიგნის „ქალაქ თბილისის თვითმმართველობა“ პრეზენტაცია.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მომზადებული გამოცემა საინტერესოა თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის და ზოგადად, საქართველოში საარჩევნო სისტემის ისტორიის მკვლევართათვის. მისი რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ გურული.

წიგნი შეეხება 1917-1921 წლებში საქართველოს დედაქალაქის თვითმმართველობის მოწყობის საკითხს. გამოცემაში დიდი ადგილი უჭირავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წლები) მთავრობის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში დანერგილი კანონმდებლობის მიმოხილვას, თბილისის სათათბიროს ხმოსანთა 1919 წლის 2 თებერვლის არჩევნებს. აქვე განხილულია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნამდე, რუსეთის დროებითი მთავრობის (1917 წლის მარტი-ოქტომბერი) მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციის მიზნით გატარებული საკანონმდებლო ღონისძიებები და თბილისის სათათბიროს ხმოსანთა 1917 წლის 30 ივლისის არჩევნები.

კვლევა ეყრდნობა ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებს, ასევე 1917-1921 წლების პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს (გაზეთები: „საქართველო“ (1917), „საქართველოს რესპუბლიკა“ (1918-1921); „ერთობა“ (1918-1921). ჟურნალები: „კავკასიის ქალაქი“ (1918 წლის 15 ნოემბერი - 1919 წლის 15 დეკემბერი), „ერობა და ქალაქი“ (1919 წლის 15 დეკემბერი - 1920 წლის 19 ივლისი), „ჩვენი ქალაქი“ (1920 წლის 19 ივლისი - 1921 წლის იანვარი). წიგნის პრეზენტაციის პარალელურად გამოფენილი იქნება თბილისის თვითმმართველობასთან დაკავშირებული ფოტომასალა.

მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, „ზამთრის ბაღი“, გუდიაშვილის ქ.N7.