სექტემბერი 548
en

ეროვნულმა არქივმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მულტიმედიური გამოფენა შექმნა

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მულტიმედიურ გამოფენას უძღვნის.

ქართველი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი და მწერალი 1837 წლის 7 ნოემბერს (ძველი სტილით 27 ოქტომბერს) დაიბადა.

მულტიმედიურ გამოფენაში წარმოდგენილია ეროვნულ არქივში ილიას შესახებ დაცული ფოტოები, წერილობითი დოკუმენტები, ავტოგრაფები, პუბლიკაციები, ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები და მოგონებები ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ. დოკუმენტები ასახავს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ, პუბლიცისტურ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოღვაწეობას.

გამორჩეულია ილიას როლი XIX საუკუნის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმართვაში. „თერგდალეულების“ ლიტერატურული მიმდინარეობა სწორედ ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ შეიქმნა. მისი თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, პერიოდული გამოცემები „საქართველოს მოამბე“ და „ივერია“, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. მისი ღვაწლი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხო.

ქართულ ლიტერატურაში კრიტიკული რეალიზმის ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებელსა და გამორჩეულ ავტორს ეკუთვნის: „კაცია-ადამიანი?!“ (1858), „ქართვლის დედა“ (1871), „აჩრდილი“ (1872), „მგზავრის წერილები“ (1871), „გლახის ნაამბობი“ (1872), „განდეგილი“ (1883), „ოთარაანთ ქვრივი“ (1887).

მულტიმედიური გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/ilia-chavchavadze-1

ასევე გაეცანით ილიას შესახებ მომზადებულ სახალისო კითხვარს და გაიგეთ, რამდენად კარგად იცნობთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას: https://archive.gov.ge/ge/quiz/ilia-chavchavadze-1