მარტი 548
en

ეროვნული არქივის საცავებში დოკუმენტების დაცვის სისტემა გაუმჯობესდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საცავებში ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის თანამედროვე სისტემა დამონტაჟდა. სპეციალური აპარატურა ეროვნულმა არქივმა ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანიის მეშვეობით შეიძინა.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ინფორმაციით, დღემდე საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმებტების ცენტრალური არქივების 24 არქივ-საცავში 60-იან წლებში დამონტაჟებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მოქმედებდა.

მოძველებული აპარატურის დეტექტორებს რადიაციული გამოსხივება ჰქონდა, რაც უარყოფითად აისახებოდა როგორც თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე, ისე საარქივო დოკუმენტების მდგომარეობაზე. ახალ აპარატურას რადიაციული გამოსხივება არ გააჩნია.

ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ახალ სისტემას აქვს ცენტრალიზებული პულტი, რომელსაც სიგნალი მიეწოდება ყველა საცავიდან. აღნიშნული პულტი 24 საათის განმავლობაში კონტროლდება, რაც უსაფრთხოების სისტემას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.

ეროვნულ არქივში დაცულია ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტები და მასალები, მე-9 საუკუნიდან დღემდე.