მარტი 548
en

ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიამ ერთი წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების აპარატურით, ინვენტარითა და ქიმიური ჭურჭლით აღიჭურვა, 2015 წელს სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 23 807 ფურცელს, 437 ფოტოს, 14 წიგნს, 126 გაზეთს, 85 ტექნიკურ ნახაზსა და 20 რუკას.

რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული 871 ფურცელი და  150 ეტრატი. მათ შორის: XIII საუკუნის სადღესასწაულო,  XI-XII საუკუნეების სადღესასწაულო - პალიმფსესტი, პოლიევკტოს კარბელაშვილის პირადი ფონდი (1869-1918 წლები) და სხვა.

გარდა ამისა, სარესტავრაციო სამუშაო ჩაუტარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ფონდის დოკუმენტებს; ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და აკაკი შანიძის ფონდებში დაცულ მასალებს.

რესტავრირებულ ფოტოდოკუმენტებს შორის აღსანიშნავია  კავკასიის ხედების ალბომი, ასევე წყალდიდობის დროს ამიერკავკასიის რკინიგზის დაზიანების ამსახველი ფოტოები.

ამასთან, სადეზინფექციო სამუშაოები საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცულ 120 წიგნსა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულ 5 ფოტოალბომს ჩაუტარდა.

ლაბორატორია ჩართულია დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტშიც, რომლის ფარგლებშიც  წლის განმავლობაში დასასკანერებლად მომზადდა და ხელახლა აიკინძა 125 საქმე.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიისათვის შეძენილი ორი ცალი გამწოვი კარადის (Biosafety Cabinet BSC-1500IIA2-X) მეშვეობით, რესტავრატორები დოკუმენტების ქიმიური რეაქტივების დამუშავებისას დაცული არიან მისი ზემოქმედებისაგან. სარესტავრაციო დოკუმენტების დაზიანების ხარისხის განსაზღვრასა და  რესტავრაციის ეფექტური გეგმის შედგენაში კი რესტავრატორებს უკვე ბინოკულარული სტერეო-მიკროსკოპი ეხმარება.

 კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლები სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციასა თუ ტრენინგში მონაწილეობენ. 2015 წელს, პოლონეთის სახელმწიფო არქივის მიწვევით, ქართველი რესტავრატორები პოლონეთის არქივის ცენტრალურ საკონსერვაციო ლაბორატორიას სასწავლო ვიზიტით სტუმრობდნენ.