ოქტომბერი 548
en

ეროვნულ არქივში ქართული ხელნაწერი წიგნების დიგიტალიზაცია დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული ქართული ხელნაწერი წიგნების დიგიტალიზაცია დაიწყო. პროცესი უკონტაქტო სკანერით მიმდინარეობას, რაც ხელნაწერების დაზიანებას გამორიცხავს.
ძველ საბუთთა განყოფილების ხელნაწერ წიგნთა კოლექციის ფონდში დაცულია 792 ხელნაწერი, რომელიც IX-XIX საუკუნეებს მოიცავს.
შინაარსით ხელნაწერები მრავალდარგოვანია და მოიცავს: ისტორიას, ფილოლოგიას,  ჰაგიოგრაფიას, საერო და სასულიერო სამართალს, ძველი და ახალ აღთქმას, მსოფლიო და საქართველოს გეოგრაფიას,  მედიცინას, პროზას, პოეზიას და სხვა.
ხელნაწერ წიგნთა მასალად ძირითადად  გამოყენებულია ქაღალდი, გარკვეული რაოდენობა შესრულებულია ეტრატზე. ხელნაწერების ნაწილი შემკულია როგორც მაღალი პროფესიული ოსტატობით გამორჩეულ კალიგრაფთა და მინიატურისტთა, ისე შედარებით ნაკლებად გაწაფული ოსტატების მიერ.  მაგ.: XVI საუკუნის გულანი, რომელსაც ახლავს  მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული  საუფლო დღესასწაულების სცენების ამსახველი ნახატები,  XVII საუკუნის ლექსად თქმული წმ. გიორგის ცხოვრება, რომელიც უხვადაა  შემკული ხალხური მხატვრული წრიდან მომდინარე, თავისი გამომსახველობით სრულიად გამორჩეული მინიატურებით.
დამწერლობის მიხედვით ჭარბობს მხედრული და ნუსხური. მცირე რაოდენობითაა ასომთავრული ტექსტები.
კოლექციის ყველაზე ადრეული ნიმუში IX საუკუნეს განეკუთვნება, ამ საუკუნეში გადანუსხული სახარება საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ არსებულ სამწერლო კერებში შექმნილ ხელნაწერთა მსგავსად მეტად მნიშვნელოვან ხელნაწერს წარმოადგენს და თავისი ასომთავრული დამწერლობით ანბანდიდად იწოდება. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია XI-XII საუკუნეების გიორგი მთაწმინდისეული მინიატურული სახარება, XII საუკუნის ანჩის სახარება და სხვა. თარიღიან  ხელნაწერებს შორის ყველაზე ადრეულია 1534 წელს კალმახის ციხეში გადაწერილი სახარება,  რომლის ყდა მოჭედილია ვერცხლის ჯვრით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ 1745 წელს მოსკოვში შედგენილი “საქართველოს ისტორია და გეოგრაფია” და “საქართველოს ატლასი”, რომელსაც ახლავს ბაგრატიონთა გენეალოგია. ეს ორივე ხელნაწერი წარმოადგენს ავტოგრაფს და მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერებათაა შეფასებული ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ. ასევე მნიშვნელოვანია კათოლიკოს ანტონ I-ის მიერ შექმნილი და ნათარგმნი ხელნაწერები, გადაწერილი თანამედროვეების მიერ (11 ხელნაწერი), სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი და მოგზაურობა ევროპაში, სიბრძნე ბალავარისა (ბოლონაკლული), დავით თუმანიშვილის “მსოფლიო ისტორია”, ვეფხისტყაოსანი, რუსუდანიანი, ვახტანგ VI სამართლის წიგნები, დავით ბატონიშვილის გრამატიკა, სამკურნალო წიგნები, ხალხური ზღაპრები, თქმულებები, იგავ-არაკები; 1850 წ. გიორგი ერისთავის კომედია “გაყრა” (ავტოგრაფი), შემკული იტალიელი მხატვრის კორადინის  მიერ აკვარელით შესრულებული 11 ნახატით, ყარამანიანი და სხვა.
ეს მცირე ჩამონათვალიც კი თვალნათლივ ცხადყოფს  კოლექციის მრავალფეროვნებას და მის ღირებულებას  ქართული კულტურის ისტორიისათვის. ერთიანი სახით იგი საგულისხმო დადასტურებაა იმ დიდი ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა, რომლითაც გამოირჩევა ძველი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.