18 თებერვალს, 12:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული თელავში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს - კახეთის რეგიონული არქივის - შენობას (თელავი, რუსთაველის გამზირი N93) გახსნიან.
ეს იქნება თელავის კიდევ ერთი ლამაზი შენობა, რომელშიც შეინახავენ კახეთის ბოლო ასწლეულის დოკუმენტურ მეხსიერებას. ამავდროულად, კახეთის არქივი რეგიონში კულტურული ღონისძიებების კიდევ ერთი მასპინძელი გახდება.
შენობაში თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო საცავები, რომლებშიც დაცულია როგორც უსაფრთხოების ზომები, ისე დოკუმენტების შენახვის პირობები.
არქივის სამსართულიან შენობას ბოლო ექვს თვეში სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დოკუმენტების საცავებისა და სამუშაო ოთახების გარდა, შენობაში მოეწყო საგამოფენო და სამკითხველო დარბაზი. პირველი გამოფენა ღვინისა და ვაზის თემას ეძღვნება.
შენობის ფოიეში განთავსდა მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილია კახეთის რეგიონთან დაკავშირებული უძველესი ხელნაწერები და საბუთები, ასევე კახეთის რეგიონის ხედები და სხვადასხვა ხუროთმოძღვრული ძეგლის ფოტო.
კახეთის რეგიონულ არქივში განთავსდება თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის არქივის დოკუმენტები.
კახეთის რეგიონში პირველი საარქივო დაწესებულება 1930 წელს თელავში გაიხსნა. ის, ასევე, მოიცავდა ახმეტისა და ყვარლის საარქივო ბიუროებს. 1935 წელს შეიქმნა სიღნაღის რაიონული არქივი ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საარქივო განყოფილებებით. 1937 წელს გურჯაანშიც ჩამოყალიბდა არქივი, რომელსაც დაექვემდებარა საგარეჯოს საარქივო განყოფილება.
ეტაპობრივად ყველა საარქივო განყოფილება რაიონულ არქივად ჩამოყალიბდა და ათწლეულების განმავლობაში კახეთის მხარეში 8 რაიონული არქივი ფუნქციონირებდა. 2010 წლიდან ყველა რაიონული არქივი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივს“ დაექვემდებარა.
2015 წლის 18 თებერვალს გაიხსნა კახეთის რეგიონული არქივის ეს შენობა და მასში კახეთის ყველა რაიონული არქივი განთავსდა. კახეთის რეგიონულ არქივში დოკუმენტები 1920-იანი წლებიდან ინახება. საარქივო დოკუმენტები ასახავს რეგიონის სოფლებისა და ქალაქების სოციალურ და კულტურულ ყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებს, დემოგრაფიულ მონაცემებს, ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას.
საარქივო მასალები, ასევე, მოიცავს ინფორმაციას ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებების, ღვინის ქარხნების, ჰესების, ფაბრიკა-ქარხნების, თეატრებისა და კულტურის სახლების, კურორტების, საავადმყოფოების, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციების შესახებ.
გარდა ამისა, კახეთის რეგიონულ არქივში დაცულია ამ მხარის ცნობილი პედაგოგების, პოეტების, მსახიობების, აგრონომების, ინჟინრებისა და სხვა პროფესიის ადამიანების პირადი ფონდები.