საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდების მორიგი მიმოხილვა თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულ სახალხო დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ფონდს შეეხება.
დოკუმენტები მოიცავს 1921-1991 წლებს. ფონდში დაცულია 9352 შესანახი ერთეული.
თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომს რამდენჯერმე შეეცვალა სახელწოდება: 1921-1923 წლებში იყო მუშათა და წითელარმიელთა დეპუტატების ტფილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომი; 1923-1929 წლებში – მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომი; 1929-1930 წლებში – მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების ტფილისის საოლქო საბჭოს აღმასკომი; 1930-1936 წლებში – მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების ტფილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომი; 1936-1939 წლებში – მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომი; 1939-1977 წლებში – მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომი; 1977-1991 წლებში – სახალხო დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომი.
აღნიშნულ ფონდში დაცულია: დეკრეტები, დადგენილებები, ოქმები, სტენოგრაფიული ანგარიშები, ბრძანებები, განკარგულებები, წესდებები, გეგმები, ანგარიშები, ხარჯთაღრიცხვები, მოხსენებითი ბარათები მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის სტრუქტურის შეცვლის, მისი განყოფილებების და სექციების მუშაობის, ტფილისის მაზრის ადმინისტრაციული დაყოფის, სახლების მუნიციპალიზაციის, საბინაო საკითხის მოგვარების, მიწის გამოყოფის, ზემო ავჭალის ჰესის მშენებლობის და ქალაქის რეკონსტრუქციის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის მუშაობის, ძეგლების, ხიდების, შენობების ასაგებად კონკურსის ჩატარების, ქუჩების, პარკებისათვის სახელების გადარქმევის, ხელოვნების ძეგლთა დაცვის, ქალაქის 1500 წლის ზეიმის, თბილისის ისტორიული წარსულისა და განვითარების, პერსპექტიული გეგმების შესახებ. უცხო ქვეყნების ქალაქებთან ურთიერთობის გეგმები, სტუმართა წერილები – შთაბეჭდილებები თბილისში ყოფნის, დოკუმენტები სპორტული დელეგაციების გაცვლის, მიმოწერა დაძმობილებული ქალაქების ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და სხვა.
აღნიშნული ფონდი ნათლად ასახავს დედაქალაქის განვითარებას, საქალაქო მეურნეობის ყველა დარგის მუშაობას, იქნება ეს კომუნალური, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, საორგანიზაციო, ადმინისტრაციული, მიწათმოქმედების, საფინანსო, ადგილობრივი მრეწველობის თუ სხვა.
ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.