ოქტომბერი 548
en

საარქივო საქმის სასწავლო კურსი ყველა დაინტერესებული პირისათვის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საარქივო საქმის სასწავლო კურსზე, რომელიც 16-20 თებერვალს ჩატარდება.

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,  ვისაც სურს  გაეცნოს საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, რათა შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს საარქივო საქმის სპეციალობით და საჭიროებს ამ საგანში ცოდნის გაღრმავებას, იწყებს სამსახურს ამ დარგში ან უჭირავს მენეჯერის პოზიცია  ნებისმიერ სფეროში და სურს უფრო ღრმად შეისწავლოს დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებანი.

სწავლება მოიცავს 10 აკადემიურ საათს. ეროვნული არქივის სპეციალისტები ტრენინგის მონაწილეებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია, მისი ამოცანები, ფუნქციები და მოვალეობები; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები;

საქმეთა ნომენკლატურა და მისი სახეობები; დაწესებულებაში საქმეთა ფორმირება;

დოკუმენტების შემფასებელი  ექსპერტიზა; დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება; მოთხოვნები არქივის სათავსებისადმი და დოკუმენტების შენახვის რეჟიმები; დაწესებულების დოკუმენტური და საარქივო ფონდი; არქივის სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემა და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება;

არქივის დოკუმენტების გამოყენება - სოციალურ-სამართლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულება; ეროვნული საარქივო ფონდი.

სასწავლო კურსი ჩატარდება ეროვნული არქივის შენობაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1), 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე. მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 თებერვლის ჩათვლით.