არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) მიერ ორგანიზებული კონგრესი საარქივო სფეროში არსებული სიახლეების, თანამედროვე მიდგომების, უცხოური გამოცდილების გაზიარების, კოლეგებთან ახალი პროექტების დაგეგმვისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი საშუალებაა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია ღონისძიებაში მსოფლიოს 135 ქვეყნის საარქივო ორგანიზაციასთან და 5000-მდე დელეგატთან ერთად მონაწილეობს.
კონგრესის ფარგლებში ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა მონაწილეობა მიიღო არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA), ასევე მისი ევროპული განყოფილების (EURBICA) გენერალური ასამბლეის სხდომებში, რომელზეც 2024 წლის გეგმები განიხილეს და კენჭი უყარეს სხვადასხვა მიმდინარე საკითხს; თეონა იაშვილმა შეხვედრები გამართა ICA-ის აღმასრულებელ დირექტორთან; მალტის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის არქივების წარმომადგენლებთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.
არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) კონგრესი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში 10 ოქტომბერს გაიხსნა და 13 ოქტომბერს დაიხურება. ღონისძიება მოიცავს სემინარებს, სესიებსა და სამუშაო შეხვედრებს; სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია საარქივო საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციები.
1948 წელს დაარსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ეროვნული არქივი 1996 წელს გაწევრიანდა, მოგვიანებით კი ამ ორგანიზაციის ევროპული წარმომადგენლობას (EURBICA) შეუერთდა.