მარტი 548
en

რეზო თაბუკაშვილის საარქივო კოლექცია ეროვნულ არქივში შეინახება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდებს ქართველი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, რევაზ თაბუკაშვილის არქივის უნიკალური მასალა შეემატა.

ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა ლაშა თაბუკაშვილს საგამოფენო პავილიონში უმასპინძლა, სადაც მან ეროვნულ არქივს გადასცა თავის ოჯახში დაცული, რევაზ თაბუკაშვილის კუთვნილი საარქივო მასალა და გამოცემები, მათ შორის: ვიტორიო სელას მიერ XIX საუკუნის ბოლოს რაჭასა და სვანეთში გადაღებული ფოტოები; ემიგრაციაში მყოფი საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლების ავტორობით უცხოეთში გამოცემული წიგნები და პერიოდული გამოცემები; XVII-XVIII საუკუნეების ქართული ხელნაწერების ფრაგმენტები; XIX საუკუნეში გადაწერილი წმინდა ქეთევანის წამება და სხვა უნიკალური დოკუმენტები.

აღსანიშნავია, რომ ლაშა თაბუკაშვილმა რამდენიმე წლის წინათ თავისი ოჯახის მდიდარი ფოტოკოლექციაც (რევაზ თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები) გადასცა საქართველოს ეროვნულ არქივს. 
საარქივო წესით აღრიცხვისა და დამუშავების შემდეგ რევაზ თაბუკაშვილის არქივი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გახდება ხელმისაწვდომი.