მარტი 548
en

ქართულ კულტურფილმებს რესტავრაცია გერმანიაში ჩაუტარდება

საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულ 20-30-იან წლებში გადაღებულ ოთხ დოკუმენტურ ფილმს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში კინოლაბორატორიაში “CINEPOST” ციფრული რესტავრაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც 2013 წლის ოქტომბერში იტალიის ქალაქ პორდენონეს უხმო ფილმების ფესტივალზე “LE GIORNATE DEL CINEMA MUTO” იქნება ნაჩვენები.

კულტურფილმის ჟანრის დოკუმენტური ფილმების: „მიწის ძახილი“ (1928, რეჟისორი სიკო დოლიძე); „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“  (1930, რეჟისორი კოტე მიქაბერიძე); „დილის ათი წუთი“ (1931, რეჟისორი ალექსანდრე ჯალიაშვილი); „კოლმეურნის ჰიგიენა“  (1934, რეჟისორი ვახტანგ შველიძე)  რესტავრაცია განხორციელდება პროექტის „ქართული კულტურფილმების რესტავრაცია და პოპულარიზაცია“ ფარგლებში. ეროვნულმა არქივმა პროექტის დაფინანსება საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის გრანტით მოიპოვა.  პროექტს ნაწილობრივ აფინანსებს ლაბორატორია “CINEPOST”, სადაც რესტავრაცია უნდა ჩატარდეს.

რესტავრაციისას ფილმები ლაბორატორიულად გაიწმენდება, დამუშავდება და განივრცობა ფილმების შიდა ტიტრები, მაღალი რეზოლუციით დასკანერდება და ციფრულ მატარებელზე ჩაიწერება.  რესტავრაციის პროცესში ჩართული იქნება კინოფოტოფონოდოკუმენტებს ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილე, კინომცოდნე ნინო ძანძავა.

აღსანიშნავია, რომ ქართული კულტურფილმები 2012 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები, რამაც მაყურებელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.