ოქტომბერი 548
en

მე-12 საუკუნის ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია უტარდება

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, რომლის თანახმად, უნიკალური ხელნაწერი არქივში რესტავრაციისთვის 18 თვეს დაჰყოფს და ამ დროის შემდეგ სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება.

სამუშაოებს საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები შეასრულებენ, რომლებიც არა მარტო პროფესიონალიზმით, არამედ მაღალი სანდოობითაც გამოირჩევიან. ლაბორატორია 1942-43 წლებში დაარსდა, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კი, იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით, თანამედროვე ევროპული სტანდარტის სარესტავრაციო ცენტრად ჩამოყალიბდა. სწორედ ეროვნული არქივის რესტავრატორებმა იმუშავეს ისეთ ძეგლებზე, როგორიცაა: ანჩის სახარება, დავით აღმაშენებლის ანდერძი, არაერთი სხვა, ქართული კულტურისათვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული საბუთი და ხელნაწერი.

რესტავრაციის პერიოდში მოხდება ლახამულის ოთხთავის დეზინფექცია, მშრალი და სველი წესით დამუშავება, შეკეთება თანამედროვე მასალის გამოყენებით. ყველა ის ტექნიკური საშუალება, რაც დოკუმენტების რესტავრაციისას გამოიყენება, აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტებით, იცავს დოკუმენტს და ზრდის მისი შენახვის ხანგრძლივობას.

იმ 18 თვის განმავლობაში, რომელიც ოთხთავის რესტავრაციას სჭირდება, ლახამულელებს და მეზობელი თემების წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, მათთვის სასურველ დროს ეწვიონ არქივს და დააკვირდნენ რესტავრაციის პროცესს.
ლახამულის ოთხთავი მე-12 საუკუნის ძეგლია და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისათვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის აფაქიძეთა ფეოდალური სახლის შესახებ. ეტრატის ფურცლებზე შესრულებულია 3 მინაწერი დოკუმენტი, რომლებიც მე-15 საუკუნეს მიეკუთვნება და შეიცავს ცნობებს ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.