ოქტომბერი 548
en

ლადო გუდიაშვილი - 115

ლადო გუდიაშვილი - 115
საქართველოს სახალხო მხატვრის ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 115 წლის იუბილეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა შემოქმედის შესახებ ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული უნიკალური მასალების მიმოხილვა მიუძღვნა. 
ლადო გუდიაშვილი (1896-1980) იყო ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, პედაგოგი, არაერთი პრემიის ლაურეატი. მის შესახებ მდიდარი მასალა დაცულია კინოფოტოფონოდოკუმენტების, საისტორიო და უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივებში.
საისტორიო ცენტრალურ არქივშია ლადო გუდიაშვილის თხოვნა განათლების მინისტრისადმი, საშუალო სასწავლებელში ხატვის გაკვეთილების გამოყოფის თაობაზე (1918 წელი); აქვეა ბრძანება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარ-გამგისა, გუდიაშვილის ვაჟთა II გიმნაზიის ხატვის მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ (1918 წელი).
ეროვნული არქივშია დაცული ლადო გუდიაშვილის პარიზში სწავლის დროინდელი წერილობითი და ფოტოდოკუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ იგი სასწავლებლად პარიზში სხვა ქართველ ახალგაზრდებთან (დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი და სხვ.) ერთად გაემგზავრა (1920 წელი). არქივი ინახავს პარიზელ სტიპენდიანტ სტუდენტთა (მათ შორის ლადო გუდიაშვილის) საერთო კრების თხოვნას პარიზში მყოფ საქართველოს დელეგაციისადმი, იქ სასწავლებლად გამგზავრებული ქართველი სტუდენტების მატერიალურად უზრუნველყოფის შესახებ.
უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში,  მხატვართა კავშირის ფონდში, ინახება ლადო გუდიაშვილის პირადი საქმე; მასალა მხატვრის მიერ 1962-1964 წლებში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებების რუსთაველის პრემიაზე წარდგენის შესახებ; შვეიცარიელი მწერლის ფრიდრიჰ დიურენმატის მოგონება ქართველ მხატვართან სტუმრობაზე; შეტყობინება შვეციაში, ქალაქ უპსალეში ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენის მოწყობის გამო და სხვა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუდიაშვილის მიერ შესრულებული ორი ესკიზი (ორიგინალი), ოპერისათვის „გულნარა“, რომელიც  ინახება საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის ერეკლე ჯაბადარის პირად ფონდში. აქვეა კოსტუმების ესკიზები დადგმისათვის „ქეთო და კოტე“ (სტამბური) და ნოტები ფორტეპიანოსათვის „ო დაილი, დაილი, კავკასიური ცეკვა“, გამოცემული პარიზში, რომლის გარეკანის მხატვრობა ეკუთვნის ლადო გუდიაშვილს.
მხატვრის შესახებ განსაკუთრებით მდიდარი მასალაა დაცული კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ასახულია 1932-1986 წლების 50-ზე მეტ კინონარკვევსა თუ სიუჟეტში, მათ შორის არის 1974 წელს რეჟისორ შერგილ შონიას გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ლადო გუდიაშვილი“. 
ფოტოარქივი ინახავს ლადო გუდიაშვილის პარიზში ყოფნისას სხვა ქართველ სტუნდეტებთან ერთად გადაღებულ 10 ფოტოს (XX საუკუნის 20-იანი წლები). გარდა ამისა, 100-ზე მეტ ფოტოს, რომელიც გადაღებულია 1920-1979 წლებში და ასახავს სხვადასხვა ღონისძიებაში ლადო გუდიაშვილის მონაწილეობას, მისი ნამუშევრების გამოფენებს და სხვ. 
ფონოარქივში დაცულია მხატვრთან დაკავშირებული 20-ზე მეტი ფონოჩანაწერი, სადაც ის საუბრობს მიხეილ ჭიაურელზე, ტიციან ტაბიძეზე, სიმონ ჩიქოვანზე, ქეთევან მაღალაშვილზე, საკუთარ შემოქმედებაზე და სხვ.