მარტი 548
en

იუსტიციის მინისტრმა 4-წლიან ანგარიშში ეროვნულ არქივზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს საქმიანობის 4 წელი შეაჯამა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 27 დეკემბერს გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის შესახებ განაცხადა:

„ჩვენ დღეს ვართ ეროვნული არქივის ამ პავილიონში, ამიტომ რამდენიმე სიტყვით გეტყვით, თუ რამხელა ნაბიჯი გადადგა ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ინსტიტუტმა, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებშია დაარსებული.  

2013 წელს ეროვნულმა არქივმა თავის ისტორიაში პირველად შეძლო და იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შევიდა ეროვნულ არქივში დაცული ისეთი დოკუმენტები, როგორებიც არის: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“, ასევე 2015 წელს იუნესკოს ამავე რეესტრში შეტანილ იქნა ეროვნულ არქივში დაცული IX-XV საუკუნეების 8 უძველესი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი ბიბლია.

ეროვნულ არქივში დაცული მასალებისაგან ჩვენ სახალისო პროდუქციაც შევქმენით  და იმ ბრენდირებულ მაღაზიაში, რომელიც ამ შენობის მეორე სართულზე მდებარეობს, ყველას შეუძლია, მათ შორის ტურისტებს, შეიძინოს ეს პროდუქცია.

ის, რაც მოგვწონს და გვეამაყება, იმიტომ რომ გვახსენებს ბავშვობას, არის SOUNDCLOUD-ის პლატფორმაზე გავრცელებული ჩვენი აუდიომეხსიერება და, პირველ ყოვლისა, ზღაპრები, რომლებიც კედელზე მიმაგებული რადიოდან ყველას გვესმოდა, როცა ბავშვები  ვიყავით.

მე მთხოვეს  ეროვნული არქივის თანამშრომლების სახელით ბრენდირებული პროდუქცია და გამოცემები  გადავცე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო მინისტრებს მოგიწოდებთ,  რომ ჩემთან ერთად მაღაზიაში დაათვალიეროთ სხვადასხვა უძველესი ხელნაწერის ალბომები თუ პირველი რესპუბლიკის შესახებ უნიკალური გამოცემა და, თუ დაინტერესებით, საახალწლო სასაჩუქრე პაკეტებადაც შეიძინოთ.

მნიშვნელოვანია, რომ მრავალი წლის უნაყოფო მცდელობები დასრულდა  წარმატებით და ჟენევიდან ჩამოვიტანეთ ერთა ლიგაში ჩვენი პირველი და უკანასკნელი ელჩის, ხარიტონ შავიშვილის, არქივი. ეს იყო არქივი, რომელიც ჟენევაში ინახებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა საოკუპაციო ჯარი 1921 წლის თებერვალში.  რეალურად ჟენევის არქივი ინახავდა მას ისე, რომ ძნელად იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ ჩვენი აპარატურით შევძელით იქ ჩასვლა, დავამზადეთ ავთენტური ასლები და ხარიტონ შავიშვილის არქივმა უკვე ჩვენს ეროვნულ არქივში დაიდო ბინა.

მე მინდა ასევე მოგიწოდოთ თითოეული თქვენგანის ან თქვენი ნაცნობის ოჯახში შესაძლოა ინახება უნიკალური დოკუმენტები, ფოტოები, არქივი, რომლებიც არ გინდათ  დარჩეს ყუთებსა და კარადებში და გსურთ  დაუტოვოთ შთამომავლობას. ასეთი ოჯახები მრავლადაა, მათ მოაქვთ ეროვნულ არქივში თავიანთი საოჯახო მასალები. ასე მოიქცნენ, მაგალითად, აკაკი შანიძის, ვაჟა გვახარიას, ვახტანგ ჟორდანიას, მარიკა ლორთქიფანიძის, ილია ვეკუას, თენგიზ აბულაძის, ლანა ღოღობერიძის, ნანა ჯანელიძის, ძმები შენგელაიების და სხვათა ოჯახები, რომელთაც პირადი ან საოჯახო არქივები გადმოსცეს ეროვნულ არქივს, რომელშიც ის შეინახება სამუდამოდ, შეინახება დაცულად“.