საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონულ სისტემაში დღეიდან გორის ადგილობრივი არქივი ჩაერთო.
ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დღეს გორში გამართა. "გორის მოსახლეობას ორ სიახლეს ვთავაზობთ. გორის არქივში მათ უკვე შეუძლიათ მიიღონ ცნობები ყველა იმ რაიონიდან, რომელიც ელექტრონულ პროგრამაშია ჩართული. ამავდროულად, ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებით და მათი სურვილის შესაბამისად დოკუმენტი მიიღონ განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს", _ განაცხადა თეონა იაშვილმა.
ამ ცვლილების შემდეგ გორის არქივი ადგილობრივ მოსახლეობას ახალ მომსახურებას სთავაზობს. მათ უკვე შეუძლიათ ადგილზე ჩაუსვლელად მიიღონ საარქივო ცნობები ელექტრონულ პროგრამაში ჩართული ნებისმიერი არქივიდან. ამასთან, გორის ადგილობრივი არქივიდან ინფორმაციის მიღება სხვა რაიონების მაცხოვრებელთათვის დისტანციურად იქნება შესაძლებელი.
მომსახურების ელექტრონული პროგრამით ამ დროისათვის სარგებლობს თბილისში მდებარე სამი ცენტრალური არქივი, თბილისის არქივი, ასევე, ქუთაისის, სამტრედიის, თელავის, ხაშურის, მცხეთისა და ზუგდიდის ადგილობრივი არქივები. ამ სისტემაში, ეტაპობრივად, ეროვნული არქივის ყველა ადგილობრივი ოფისი ჩაერთვება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. სპეციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს.
ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს.