ოქტომბერი 548
en

ფოტოგამოფენა „ღვინობისთვე“

საქართველოს ეროვნული არქივისა და „მეღვინეობა ხარებას“ ორგანიზებით ყვარელში, „მეღვინეობა ხარებას“ ტურისტულ კომპლექსში „გვირაბი“ გაიხსნა ფოტოგამოფენა „ღვინობისთვე“.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის  ამსახველი ფოტომასალა. მათ შორის საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მე-19 -მე-20 საუკუნეებში დიმიტრი ერმაკოვისა და კონსტანტინე ზანისის მიერ გადაღებული ფოტოები, ასევე, მასალები „საქინფორმის“ კოლექციიდან; საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატების - უძველესი სასმისების - ფოტოები; „მეღვინეობა ხარებაში“ გადაღებული თანამედროვე ფოტომასალა.

"მეღვინეობა ხარებას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ირინა მაჩურიშვილის განცხადებით, დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა ნახოს როგორ ვითარდებოდა საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობა და შეადაროს თანამედროვე პროცესებს.

გამოფენის პარალელურად წარმოდგენილი იყო ფოტოალბომი, სადაც თავმოყრილია ექსპოზიციაზე გამოფენილი ყველა ფოტო. აქვე ნაჩვენები იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, მეღვინეობის თემაზე შექმნილი, დოკუმენტური ფილმების ფრაგმენტები, რომლებიც გასული საუკუნის 30-80-იან წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული.

გამოფენის გახსნამდე სტუმრებმა დაათვალიერეს ტურისტული კომპლექსი "გვირაბი", მონაწილეობა მიიღეს ღვინის დაწურვასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.

 გამოფენა „ღვინობისთვე“ დღეიდან თბილისში, ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაგრძელდება და 31 ოქტომბრამდე გასტანს. დათვალიერება თავისუფალია.