ოქტომბერი 548
en

ეროვნულმა არქივმა მეცნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნა

მეცნიერების საერთაშორისო დღე - 10 ნოემბერი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის პროექტის პრეზენტაციით აღნიშნა. პარალელურად, მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერი - IX საუკუნის „ანბანდიდი სახარება“, რომლის ნახვა დღეს ყველა დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეუძლია.

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დააწესა და ყოველწიურად აღინიშნება.

ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა, პროექტი კი სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ასათიანმა წარადგინა.

ღონისძიებას დაესწრნენ: სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი დავით ნარმანია, სხვა მოწვეული სტუმრები.

„ხელნაწერები ჩვენი უდიდესი განძია და მას საგანგებო მოპყრობა სჭირდება. საპატრიარქოშიც გვაქვს ხელნაწერთა კოლექცია, რომელიც უკვე დამუშავებული და აღწერილია“, - ბრძანა პატრიარქმა და არქივის თანამშრომლები დალოცა. მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ გამოთქვა სურვილი, ხელნაწერთა აღმწერებმა გადმოწერონ ძველი ხელნაწერებიდან ტექსტები, რომლებშიც  ესა თუ ის პირი ლოცვაში მოხსენიებას ითხოვს. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი: „იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნულ არქივს წილად ხვდა  უდიდესი პატივი, მობრძანდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ნახა  გამოფენილი ხელნაწერი და მასთან ერთად მოვისმინეთ პრეზენტაცია ეროვნული არქივის წლევანდელი წარმატების შესახებ. კერძოდ, ეროვნულ არქივს აქამდე არასოდეს ჰქონია და ჩვენ წელს შევქმენით სამეცნიერო განყოფილება, რომლის მუშაობის შედეგია ახალი პალიმფსესტური ხელნაწერების აღმოჩენა“.

„ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, რომელიც დღევანდელი დღის აღსანიშნავად გამოვფინეთ, ჩვენი ერის საგანძურია. ის და სხვა 900-ზე მეტი ხელნაწერი, რომლებიც ეროვნულ არქივში ინახება, თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების მიხედვით აღიწერება“, - აღნიშნა თეონა იაშვილმა.

ხელნაწერთა აღწერილობების პირველი ტომი გამოსაცემად გამზადდება 2014 წლის მიწურულისთვის. ამასთან, შედგება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელშიც თავს მოიყრის როგორც ხელნაწერთა დაწვრილებითი აღწერილობა, ისე თითოეული აღწერილი ხელნაწერის სრული დიგიტალური ვერსია.

რაც შეეხება ქართულ ხელნაწერს, „ანბანდიდ სახარებას“, რომელიც მხოლოდ ერთი დღით იქნება გამოფენილი,, ერთ-ერთი უძველესია.  იგი თავნაკლულია; თავიდან ბოლომდე ყავისფერი მელნით ასომთავრულითაა ნაწერი; შემორჩენილია ლუკას სახარების მცირე ნაწილი და იოანეს სახარება მთლიანად;  ხელნაწერს აქვს გვიანდელი მინაწერები, რომლებიდანაც  ცხადი ხდება, რომ იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაო-კლარჯეთში ინახებოდა. სახარება შიგადაშიგ გაფორმებულია მარტივი შემკულობებით, მათ შორისაა წითელი და შავი მელნით შესრულებული გოლგოთის ჯვარი.