საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების საზოგადოებისათვის უკეთ გასაცნობად ახალ პროექტს იწყებს. ყოველკვირეულად ვებგვერდზე გამოქვეყნდება ეროვნული არქივის ერთი ფონდის მიმოხილვა.
ეროვნულ არქივში არსებული დაწესებულებების, საუწყებო თუ პირად არქივებსა და კოლექციებში დაცული მრავალფეროვანი, უნიკალური მასალა აღწერს ჩვენი ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებას მე-9 საუკუნიდან დღემდე.
ფონდების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ეროვნული არქივი უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში არსებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდით იწყებს:
ფონდში დაცულ უაღრესად საინტერესო დოკუმენტებს შორისაა: თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელთა კრების, პროფესორთა საბჭოს, გამგეობის სხდომის, საფინანსო კომისიის, სამეცნიერო საბჭოს, ცალკეული ფაკულტეტების სხდომის ოქმები, ასევე, შემომწირველთა სიები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება და დებულება, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა შეადგინა (ავტოგრაფი).
ინტერესს იწვევს ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და მეცნიერების - ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, ზურაბ ავალიშვილის, გრიგოლ ფერაძის, აკაკი შანიძის, კორნელი კეკელიძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, შალვა ნუცუბიძის, სერგი დანელიას, შალვა ამირანაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძისა და სხვათა წერილები.
აქვეა მასალები სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველი პროფესორების (პეტრე მელიქიშვილი, გრიგოლ წერეთელი, ივანე ბერიტაშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, ნიკო მარი და სხვა) უნივერსიტეტში მოწვევის შესახებ.
ფონდში დაცული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ უნივერსიტეტის გახსნისას სასწავლებელს ერთი წიგნიც არ მოეპოვებოდა. ბიბლიოთეკა შემოწირულობებით შეიქმნა. უნივერსიტეტს გადაეცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქვათახევის მონასტრის, დავით სარაჯიშვილის, კიტა აბაშიძის, სერგო და ალექსანდრე კლდიაშვილების, ალექსანდრე ჯაბადარის წიგნთსაცავები. წიგნების ნაწილით ბიბლიოთეკა გაამდიდრა სასულიერო სემინარიამ და შავი ქვის მრეწველთა საბჭომ. მათვე გადასცეს უნივერსიტეტს მინერალოგიური კაბინეტი და ფიზიკური და ქიმიური ლაბორატორია.
ფონდი ინახავს სხვადასხვა კათედრის, კაბინეტისა და ლაბორატორიის დაარსების ისტორიას. ფონდში წარმოდგენილია მასალები სამეცნიერო კრებულის ,,უნივერსიტეტის მოამბე” გამოცემის, უნივერსიტეტისთვის საკუთარი სტამბის მოწყობის, მეცნიერებაში ქართული ტერმინოლოგიის დამკვიდრების, სხვადასხვა არქეოლოგიური თუ ეთნოგრაფიული ექსპედიციის მოწყობის (გელათის მონასტერში; დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში; ნოქალაქევში; უბისის ტაძარში და სხვა), ნუმიზმატიკური კოლექციის შეძენის, ასევე, ნეაპოლის უნივერსიტეტის 700 წლის იუბილეში მონაწილეობის მიღების (მონაწილეობდა გრიგოლ წერეთელი), პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის 300 წლის იუბილეს აღნიშვნის შესახებ.
აქვე წარმოდგენილია 1921-1927 წლების პედაგოგიური, მათემატიკური, ენისა და ლიტერატურის, ენათმეცნიერების, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ქიმიის, ფარმაცევტული, აგრონომიული, საექიმო, სიბრძნისმეტყველების, კბილის ექიმთა, საზოგადო-ეკონომიკური, სამკურნალო და სხვა ფაკულტეტების კურსდამთავრებულთა პირადი საქმეები. მათ შორის აღსანიშნავია ნიკო ბერძენიშვილის, შალვა ამირანაშვილის, სიმონ ჯანაშიას, 1921 წლის თებერვალში, მე-11 არმიის წინააღმდეგ ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტ მარიამ მაყაშვილის პირადი საქმე.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და კათედრის მასალები; პროფესორთა სადისერტაციო შრომები; სტატისტიკური ცნობები უნივერსიტეტის პედაგოგიური პერსონალისა და სტუდენტების შესახებ; პროფესორ-მასწავლებელთა ანკეტები; ჩარიცხული და გარიცხული სტუდენტების ალფავიტური სიები; პედაგოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომების ასლები.
უნივერსიტეტის ფონდის მასალები, ისევე, როგორც ეროვნული არქივის საცავებში არსებული სხვა უნიკალური დოკუმენტები, ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.