მარტი 548
en

ეროვნული არქივი ხარიტონ შავიშვილის არქივს საქართველოში ჩამოიტანს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ჟენევაში გაერო-ს განყოფილების ბიბლიოთეკაში დაცული, „ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის, არქივის დიგიტალიზაცია დაიწყო.

ხარიტონ შავიშვილის არქივის ასლის საქართველოში ჩამოტანაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გასულ წელს ჟენევის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა და ეროვნული არქივისათვის დოკუმენტების დასკანერების უფლების მოსაპოვებლად მოლაპარაკებები პირადად გამართა. 

მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ეროვნული არქივის სპეციალისტები ჟენევაში ჩავიდოდნენ და საკუთარი აპარატურით მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ამ საარქივო მასალების დიგიტალიზაციას  განახორციელებდნენ.

ეროვნული არქივის სპეციალური ჯგუფი დოკუმენტების დასკანერებას თებერვლის მეორე ნახევარში დაასრულებს. ხარიტონ შავიშვილის არქივის ელექტრონული ასლის საქართველოში ჩამოტანის შემდეგ დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენებზე აღიწერება. აღწერის ინგლისური ვერსია გაერო-ს განყოფილების ბიბლიოთეკასაც გადაეცემა, რაც მკვლევარებისათვის მასალის შესწავლას გააიოლებს.   

არქივში თავმოყრილია: „ერთა ლიგაში“ საქართველოს წარმომადგენლობის მუშაობის ამსახველი დოკუმენტები; მიმოწერა ევროპულ ორგანიზაციებსა და ევროპელ პოლიტიკოსებთან საქართველოში არსებული პრობლემატიკის შესახებ; ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობის, ასევე „საქართველოს საზღვარგარეთული პრესის ბიუროსა“ და „საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტის“ საქმიანობის ამსახველი მასალა. გარდა ამისა, ხარიტონ შავიშვილის არქივში ინახება მისი მემუარები და პირადი ბიბლიოთეკა.

ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალური ასლების საქართველოში ჩამოტანა, მისი აღწერა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მამულიშვილის სამშობლოსათვის ბრძოლის 55-წლიანი ისტორიის სათანადოდ შენახვისა და შესწავლის საწინდარი იქნება.