მარტი 548
en

ეროვნული არქივი არქივების საერთაშორისო საბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ხელმძღვანელობით ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში 22-24 ნოემბერს დაგეგმილ არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში „ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“ მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების ორგანიზატორები, არქივების საერთაშორისო საბჭოსთან ერთად, არიან ბელგიის სახელმწიფო არქივი და სამეფო ბიბლიოთეკა. კონფერენციის ძირითადი თემებია: თანამედროვე ტექნოლოგიები და დოკუმენტების შენახვის საკითხები; ჩანაწერების მართვის თანამედროვე მიდგომები; ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ელექტრონული არქივების დანერგვა და განვითარება და სხვ.
კონფერენციაში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის დელეგაცია მიიღებს.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული არქივის ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან. ეწვევა ქალაქ გენტის არქივსა და ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტს, რომელთანაც ეროვნული არქივი 2011 წლიდან თანამშრომლობს. ამ დროის მანძილზე მხარეებმა არაერთი საარქივო დოკუმენტის ასლი გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის დელეგაციამ 2013 წლის სექტემბერში არქივს გადასცა ბელგიელი ძმების მიულსების შთამომავლების მიერ შეგროვილი მასალის ელექტრონული ასლები, რომლებიც 1909-1926 წლებში ბელგიელი ძმების დარკვეთში სამრეწველო საქმიანობას ასახავს. აქ აღწერილია იმ პერიოდის საქართველოს კულტურული და სამრეწველო ცხოვრება; ფოტოებზე ასახულია მანგანუმის საბადოები, ტექნიკური აღჭურვილობა, მუშათა ურთიერთობები, სოფლის მცხოვრებლები, მათი ტრადიციები, ბუნების ხედები და სხვა. წერილობითი დოკუმენტები, ძირითადად, ფრანგულ ენაზეა შედგენილი.
სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრისას მხარეები განიხილავენ მიულსების არქივის გამოყენებით 2014 წელს თბილისში ექსპოზიციის მოწყობის საკითხს.