ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივი 2014 წლის 9 თვეში 54 734 მოქალაქეს მოემსახურა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიმდინარე წლის 9 თვეში 54 734  მოქალაქეს მოემსახურა, რაც 15 794-ით (28%) აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემს.

1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ეროვნულ არქივს ცნობის ასაღებად მიმართა 53 304-მა ადამიანმა. ყველაზე ხშირად მოქალაქეები ითხოვდნენ შემდეგი სახის საარქივო ცნობებს: კომლის შემადგენლობის შესახებ; ქონებრივი უფლების დადასტურების შესახებ; დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების შესახებ; სამუშაო სტაჟის დადასტურების შესახებ; განათლების მიღების დადასტურების შესახებ.

ამავე პერიოდში უახლესი, საისტორიო, კინოფოტოფონოდოკუმენტების, თბილისისა და ქუთაისის ცენტრალური არქივების, ასევე, სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის მკვლევართა დარბაზებში 1430-მა ადამიანმა იმუშავა, რომელთაგან 65 უცხო ქვეყნის (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, რუსეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი,  ფინეთი) მოქალაქე იყო.

უცხოელი მკვლევარები მუშაობდნენ თემებზე: საქართველოს მუსიკალური კულტურის ისტორია; ევროპისა და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორია; საბჭოთა მოდა და მოდის სახლი საქართველოში; ნაციონალური საკითხები და ნაციონალური საომარი ფორმირებები პირველი მსოფლიო ომის წლებში; ამიერკავკასიის, თურქეთისა და ირანის ურთიერთობები; ქურთები ამიერკავკასიაში; საქართველოს პოლიტიკის ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ; აღმოსავლეთ კავკასია მე-19 საუკუნეში; ნიკო ნიკოლაძის პოლიტიკური და ეკონომიკური აზროვნება; ჩეჩნეთის პოლიტიკური განვითარება მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის საცნობარო მომსახურების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, ასევე, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში, ხოლო მკვლევარებს ემსახურება ცენტრალური არქივებისა და სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის დარბაზები.