ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები სამეცნიერო სიახლეებს წარადგენენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ 8 სექტემბერს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში  120-ზე მეტ ქართველ და უცხოელ მეცნიერს მასპინძლობს.

ღონისძიება საქართველოს დიპლომატიურ სივრცეში დაბრუნების 30 წლის იუბილეს ეძღვნება და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება. ქართველ მეცნიერებთან ერთად საზოგადოებას სამეცნიერო სიახლეებს აშშ-ის, დანიის, ესტონეთის, ლიტვის, ფინეთის, ავსტრიის, გერმანიისა და უკრაინის სამეცნიერო თუ კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები გააცნობენ.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე ნოე რამიშვილის შვილიშვილმა, მიშელ რამიშვილმა.  საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება. მისი მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება და ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარებაა.