დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები ცნობილია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს 15 ქვეყნის 18 საარქივო და კინოინსტიტუციაში დაცული 38 დოკუმენტური, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმი იქნება ნაჩვენები.

ფესტივალი 4 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული არქივის პროგრამით გაიხსნება. „საქართველოს კურორტები“ 1930 წელს რეჟისორ ედუარდ სუპატაშვილის მიერ გადაღებული სარეკლამო ხასიათის ფილმია. იგი მოგვითხრობს საქართველოს ისეთ სამკურნალო და დასასვენებელ კურორტებზე როგორებიცაა ბორჯომი, აბასთუმანი, წყალტუბო, ახტალა, ბაკურიანი და სხვა. ფილმის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი საქართველოს მთებში მოგზაურობაა. სამკურნალო პროცედურების გარდა, მასში ასევე ასახულია სპორტული თუ კულტურული აქტივობები.

ქართული პროგრამის მეორე ფილმი - „მსოფლიო ტაშს უკრავს“ - გიორგი ასათიანმა 1960 წელს საქართველოს ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ შესახებ გადაიღო. ფილმში ნაჩვენებია ანსამბლის საკონცერტო გამოსვლები ლონდონში, პარიზში, რომში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ბოგოტაში, მეხიკოში, ჰავანასა და მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებში. ფილმში ასევე ნაჩვენებია ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც ანსამბლის წევრები სტუმრობდნენ.

5-7 ოქტომბერს საფესტივალო დღეები გაგრძელდება ბელგიის სამეფო კინოარქივში, გერმანიის ფედერალურ არქივში, გერმანიის კინოს ინსტიტუტში, ჰოლანდიის აი კინომუზეუმში, ჩეხეთის, პერუს, ჩრდილოეთ მაკედონიის კინოთეკებში, პორტუგალიისა და ტურინის კინოს მუზეუმებში, ჩეხეთის, ესტონეთის, პოლონეთის, ბულგარეთის კინოარქივებში, აშშ-ისა და მალტის ეროვნულ არქივებში დაცული ალფრედ მაჩინის, დუშან ვუკოტიჩის, იან ნემეკის, ლეიდა ლაიუსის, ალბრეხტ ვიქტორ ბლუმის, ელა ბერგმან მიშელის, ძმები მანაკების, რეინალდო ფერეირას, ჯიმი მურაკამის, რობერტ სიოდმაკისა და სხვათა რეჟისორობით 1909-1975 წლებში გადაღებული საარქივო ფილმებით.

ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გასულ წელს დააფუძნა. 2023 წლის 4-7 ოქტომბერს ფესტივალი მეორედ ჩატარდება და მისი წლევანდელი თემა „კინოარქივების საგანძურია“.