ოქტომბერი 548
en

ეროვნულ არქივში სტაჟირების მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება ეროვნული არქივის მოქალაქეთა მისაღებში (მისამართზე: ვაჟა ფშაველას გამზ. №1) დღეს დაიწყო და 23 აპრილამდე გასტანს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

კანდიდატებმა საკონკურსო კომისიაში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: პირადი განცხადება; განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან; პირადობის მოწმობის ასლი; ავტობიოგრაფია; ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4).
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საბუთების განხილვა და შეფასება; მეორე ეტაპზე (გასაუბრება) კანდიდატებს მოეთხოვებათ საქართველოს კონსტიტუციის, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული არქივის დებულების ცოდნა; მესამე ეტაპზე მოხდება კანდიდატების მიერ კომპიუტერული პროგრამების (Windows, Excel, Word) ცოდნის შემოწმება.

სტაჟიორები, რომლებიც კონკურსის შედეგების მიხედვით შეირჩევიან, 6-თვიან სტაჟირებას გაივლიან ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ 5 ცენტრალურ არქივში (უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივი, ქუთაისის ცენტრალური არქივი, თბილისის ცენტრალური არქივი).

სტაჟიორებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ არქივში მიმდინარე დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შემსწავლელ სემინარებში, შეისწავლოს საარქივო საქმიანობის პრაქტიკული მხარე.

პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ეროვნული არქივის მოქალაქეთა მისაღებში ან ტელეფონის საშუალებით: 37-39-25; 38-28-46.