სექტემბერი 548
en

ეროვნულ არქივში გამოფენა „ვახტანგ VI“ გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს გამოფენა „ვახტანგ VI“ გაიხსნა.

ღონისძიების გახსნისას ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა აღნიშნა: „ვახტანგ VI-ის შესახებ ეროვნული არქივი ინახავს ისეთივე მრავალფეროვან მასალას, როგორიც მისი მოღვაწეობა იყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ დოკუმენტებს შორის არის როგორც მეფობის პერიოდში გაცემული დოკუმენტები, ისე ლექსები, თარგმანები, კანონები, მის მიერ დაარსებული სტამბის გამოცემები“.

ქართლის გამგებლი, ქართლის მეფე, პოეტი, მთარგმნელი, მწიგნობარი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ VI 1675 წელს დაიბადა. 1703-1714 წლებში ქართლის გამგებელი, ხოლო  1716-1724 წლებში ქართლის მეფე იყო. მის მოღვაწეობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მწიგნობრული და საზოგადოებრივი საქმიანობა. ვახტანგ მეფის უდიდესი დამსახურებაა 1705-1708 წლებში შექმნილი კანონები, რომელიც ქართული სამართლის ისტორიისათვის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. მასვე უკავშირდება პირველი ქართული სტამბის დაარსება 1708-1709 წლებში.

სამართლის წიგნის შედგენამდე ვახტანგმა ერთ კრებულში მოაქცია ძველი ქართული (სამართალი კათალიკოსთა, სამართალი მეფის გიორგისა, სამართალი აღბუღასი), თუ უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის წიგნები. ამას დაურთო დარბაისელთა (საერო და სასულიერო განათლებული პირების)  უშუალო მონაწილეობით თავისი შედგენილი „სჯული“.

ვახტანგ VI-ის კანონები მალე მთელ საქართველოში მოქმედ კანონთა წიგნად იქცა. საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში ინახება მდიდარი დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს 1700-1732 წლებში ვახტანგ VI-ის საქმიანობის ყველა სფეროს. არქივში დაცულია მის მიერ გაცემული 171 საბუთი, აგრეთვე მრავლადაა საქმიანი იურიდიული დოკუმენტები, სადაც გამოყენებულია ვახტანგის კანონები.

საინტერესო მასალაა დაცული ქართულ ხელნაწერ წიგნთა კოლექციაში: 11 სამართლის წიგნი, გადაწერილი XVIII-XIX საუკუნეებში. ,,კინკლოსი" (წელთაღრიცხვის სქემა), რომელიც მეფემ შეადგინა ისპაჰანში ყოფნის დროს, თალაიმასალის (ასტროლოგიური შინაარსის კრებული) წიგნი, ,,ქილილა და დამანა" (თარგმანი სპარსულიდან), ლექსების კრებული ,,ანბანთქება" და სხვა.

ეროვნულია არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა გამოფენაზე წარმოადგენს ვახტანგ VI-ის სტამბის პირველ გამოცემას, 1709 წელს დაბეჭდილ სახარებას და 1710 წელს გამოცემულ კონდაკს (ლიტურგიკული წიგნი), რომლების შემკულია მინიატურებით.

ეროვნულ არქივში გამოფენა „ვახტანგ VI“ წლის ბოლომდე გაგრძელდება.