მარტი 548
en

ეროვნულ არქივში გამოფენა „მიულსების ქართული ისტორია“ გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ფოტოგამოფენა „მიულსების ქართული ისტორია“ გაიხსნა. 1908-1926 წლებში ჭიათურაში, სოფელ დარკვეთში, ბელგიელი ძმები მიულსების სამრეწველო საქმიანობა ფოტოებით გაცოცხლდა.

ექსპოზიციის გახსნას დაესწრნენ: ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, მიულსების შთამომავალი დომინიკე მიჰილსენი, სხვა მოწვეული სტუმრები. მიულსების საოჯახო არქივში დაცული, საქართველოში მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოების ციფრული ასლები ჰენრი მიულსის შთამომავლების თანხმობით ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტმა 2013 წელს ეროვნულ არქივს გადასცა. კოლექციის 250-მდე ფოტოდან საგამოფენოდ 70 შეირჩა. 

„გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს ერთი საუკუნის წინათ ჭიათურაში მიმდინარე სამრეწველო პროცესს, ექსპონატებზე ასახულია სოფელ დარკვეთსა და ზოდში მიულსების საქმიანობა, მანგანუმის ქარხნის მუშაობა, სოფლის მცხოვრებლები და ჭიათურის ხედები“, - აღნიშნა გამოფენის გახსნისას ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

„დღევანდელი გამოფენა მახსენებს იმ ისტორიებს, რომელთაც ჩემი ბაბუა ბავშვობისას მიყვებოდა. ექსპოზიციამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოხარული ვარ, რომ ამ ფოტოებს ქართველი დამთვალიერებელი ნახავს“, - აღნიშნა დომინიკე მიჰილსენმა.

ოთხი ძმიდან ერთ-ერთი, ოგიუსტი, საქართველოში 1908 წელს ჩამოვიდა და  „დარკვეთის მანგანუმის საბადოების ფრანგული საზოგადოების“ მმართველი გახდა. 1910 წელს მას მეორე ძმა - ჰენრიც შეუერთდა და საზოგადოებაში ინჟინრად დაიწყო მუშაობა. 1913 წელს კიდევ ერთი ძმა - პიტერი - ეწვია ჩვენს ქვეყანას. 1923 წელს ოგიუსტი დაქორწინდა ლიზა წერეთელზე (სამთო ინჟინრის, ვასილ (ვასო) წერეთლის, ქვრივი) და 1924 წელს მათ ვაჟი - რობერტი - შეეძინათ.  ოგიუსტ მიულსს, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ბოლშევიკების მხრიდან სერიოზული საფრთხე დაემუქრა, რის გამოც 1925 წელს  ოჯახთან ერთად დატოვა საქართველო და ბელგიის ქალაქ სურბროდში დამკვიდრდა.1926 წელს, როდესაც დარკვეთის საბადო ამერიკული სამრეწველო კომპანია „ჰარიმანის“ ხელში გადავიდა, მიულსების ოჯახის დანარჩენი წევრებიც ბელგიაში დაბრუნდნენ. 

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ექსპოზიცია 19 სექტემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.