საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის - ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგი - ფარგლებში ამ დროისათვის უკვე დაწვრილებით აღწერილია 150 ხელნაწერი.
ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდი, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი შედის. მათი აღწერილობა ბოლოს 1950 წელს დაიბეჭდა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად გამოიცემა ხელნაწერთა ახალი აღწერილობის პირველი ტომი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 100 ხელნაწერის შესახებ.
2014 წელს ხელნაწერთა აღწერილობის პირველ ტომზე მუშაობამ განსაკუთრებული შედეგი გამოიღო. ეროვნული არქივის ხელნაწერების აღმწერთა ჯგუფმა საზოგადოებას პალიმფსესტური ფურცლების მთელი ფონდი წარუდგინა: რამდენიმე ხელნაწერში არსებული პალიმფსესტური ფურცლების რაოდენობა დაახლოებით 100 ფურცელს შეადგენს და თითოეული მათგანი ფასდაუდებელია. პირველი ასი ხელნაწერის ძირითად ნაწილს საღვთისმსახურო შინაარსის ტექსტების შემცველი ხელნაწერები სჭარბობდა, თუმცა იყო საერო ხასიათისაც. აღწერებზე მუშაობისას ძირითადი პრობლემა იყო ხელნაწერის სწორი იდენტიფიკაცია და დათარიღება, რასაც აღმწერთა ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი.
ამჟამად მეორე ტომზე მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროისათვის უკვე დასრულებულ ხელნაწერთა აღწერებში დაზუსტდა მნიშვნელოვანი დეტალები, გასწორდა ხარვეზები დათარიღებებსა და სათაურებში, დადგინდა ცალკეული ტექსტების რედაქციები, სრულად იქნა გამოტანილი ანდერძ-მინაწერები. თითოეულ ხელნაწერსა და მასში შემავალ ცალკეულ ტექსტს დაერთო საკუთარი ბიბლიოგრაფია. მიმდინარეობს მუშაობა საძიებლებსა და ლექსიკონზე.
მეორე ტომში შემავალი ხელნაწერები ქრონოლოგიურად XII-XIX საუკუნეებს შორის მერყეობს. არის სასულიერო შინაარსის ტექსტები (სახარება, სამოციქულო, სვინაქსარი, სადღესასწაულო და ა.შ.), მაგრამ ამჯერად სჭარბობს საერო, როგორიცაა: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, თეიმურაზ Ι-ისა და ვახტანგ VI-ს ლექსები, სულხან-საბას „მოგზაურობა ევროპაში“, დემეტრე Ι-ის „შენ ხარ ვენახი“, ათასი სხვადასხვა „ანბანთქება“.
ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის მეორე ტომზე მუშაობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.