დეკემბერი 548
en

ეროვნულ არქივში გივი კიკვაძის გამოფენა გაიხსნა

ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „გივი კიკვაძე. საქინფორმის არქივიდან" გაიხსნა.

საქართველოს ეროვნული არქივის „საქინფორმის“ ფოტოკოლექცია გივი კიკვაძის ასეულობით ფოტოს ინახავს. მათგან საგამოფენოდ 1960-1980-იან წლებში გადაღებული სხვადასხვა შინაარსის 71 ექსპონატი შეირჩა. მათ შორისაა საზოგადო მოღვაწეების, მსახიობების, სპორტსმენებისა და სხვა ცნობილი პიროვნებების პორტრეტები, სხვადასხვა დღესასწაულის ფოტოქრონიკა, 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველი მასალა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ,,საქინფორმის“ ფოტოგრაფებმა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი 80-იანელთა ფოტოგრაფიის განვითარებას საქართველოში. გივი კიკვაძე ამ გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტოგრაფია.

გივი კიკვაძე 1933 წელს დაიბადა. 50-იან წლებში კინოთეატრ ,,თბილისსა“ და ,,ძერჟინსკის კლუბში“ კინომექანიკოსად მუშაობდა. 1960-იანი წლებიდან ,,საქინფორმის“ ფოტოკორესპონდენტი გახდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე, 1996 წლამდე, მუშაობდა. იყო ჟურნალისტთა კავშირის წევრი, მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში.

ფოტოგრაფიის განვითარებისა და პოლიტიკურ-სოციალური მატიანის შექმნისთვის 2022 წლის ალექსანდრე როინაშვილის პრიზი გივი კიკვაძეს გადაეცა.

გამოფენა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.