იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში ძველ საბუთთა დედნების კოლექციის დიგიტალიზაცია დასრულდა.
ცენტრალური საისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული ქართული ძველი საბუთების დედნების კოლექცია შედგება 10 956 საბუთისაგან, რაც, თავის მხრივ, მოიცავს 80 000-ზე მეტ გვერდს. კოლექციაში ასახულია XI-XIX საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება და აერთიანებს როგორც საერო, ისე სასულიერო შინაარსის დოკუმენტებს. მათ შორის არის მეფეთა ბრძანებები, ოქმები, მდივანბეგთა განაჩენები, წყალობის, შეწირულების, ნასყიდობის, ვალის, მზითვის წიგნები და სხვა.
საბუთების მასალად გამოყენებულია ქაღალდი და ეტრატი. დამწერლობის მიხედვით ჭარბობს მხედრული, მცირე რაოდენობითაა ნუსხური. მათ შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს მხატვრულად გაფორმებულ ტექსტებს.
ელექტრონულ ფორმატში გადატანის შემდეგ დოკუმენტები სპეციალურ პროგრამაში განთავსდება და მკვლევართათვის ხელმისაწვდომი გახდება.