"მოსკოვის საბჭოთა მთავრობამ დაარღვია ჩვენს მთავრობასთან 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი მშვიდობის ზავი და ომის გამოუცხადებლად, ფლიდურად გადმოლახა სოციალისტური საქართველოს საზღვრები კომუნიზმის დროშის ქვეშ. მოსკოვის მთავრობა ცარისტულ იმპერიალისტურ პოლიტიკას აგრძელებს და მიზნად ისახავს პატარა ერების დამონებას".
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ნაწყვეტი მსოფლიო პროლეტარიატისადმი საქართველოს სოციალისტური ორგანიზაციების 1921 წლის 22 თებერვლის მოწოდებიდან, რომელიც თბილისიდან ჟენევაში მიიღო და ბერნში გააგზავნა ხარიტონ შავიშვილმა, საქართველოს წარმომადგენელმა ერთა ლიგაში.
დეპეშაში აღნიშნულია, რომ ქართველები წინ აღუდგებიან ამას და რომ მსოფლიო სოციალისტების მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ.
ფრანგულ ენაზე.
ჟენევა, 1921 წლის 22 თებერვალი.
დოკუმენტის ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, ხარიტონ შავიშვილის საარქივო ფონდში.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.