მარტი 548
en

2013 წელი ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2013 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. ამ პერიოდში მუშაობის ძირითადი მიმართულებები იყო: მოქალაქეთა მომსახურება, დოკუმენტების დიგიტალიზაცია, დოკუმენტების რესტავრაცია, ეროვნული საარქივო ფონდის გამდიდრება, გამოფენების ორგანიზება, გამოცემების მომზადება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

2013 წელს ეროვნული არქივის საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებით 52 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ცენტრალური არქივების მკვლევართა დარბაზებში კი 1 257 მკვლევარმა იმუშავა, მათ შორის 83 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

წინა წლების მსგავსად მიმდინარეობდა დოკუმენტების დიგიტალიზაცია, რამაც მკვლევარებისა და დაინტერესებული პირებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა  საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივებში დაცული მასალა. 2013 წელს დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე „ელექტრონული კარტოგრაფია“. ამ ეტაპზე 5 000-მდე რუკის ციფრული ასლია შექმნილი. მიმდინარეობს მუშაობა კარტოგრაფიულ კატალოგზე.

აქტიურად მუშაობდა დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია. სარესტავრაციო სამუშაო ჩაუტარდა 29 829 ფურცელს, 348 ფოტოს, 91 ნახაზს, 307 გაზეთსა და 53 რუკას. რესტავრირებულ დოკუმენტებს შორისაა: აპოკრიფი - მცნებანი ქრისტესნი (XIV საუკუნე); ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი (1123 წელი); მეფეთა სიგელები, შეწირულების წიგნები, სასულიერო ხასიათის საბუთები; სპარსული კოლექციის 60-ზე მეტი საბუთი (XVI-XIX საუკუნეები); პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდი; გაზეთები „ცნობის ფურცელი“ (1902 წლის ნომრები) და „საქართველოს რესპუბლიკა“ (1918 წლის ნომრები).

ეროვნულ საარქივო ფონდს შეემატა მნიშვნელოვანი მასალები, როგორც წერილობითი დოკუმენტები, ასევე ფოტოები, ფონოჩანაწერები და კინოფირები. მათ შორის: ქართული კულტურის ამსახველი 100-ზე მეტი ფოტო, რომლებიც მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებს, საქართველოში მოღვაწე მწერლებისა და ლიტერატორების, მხატვრებისა და მუსიკოსების შემოქმედებას ასახავს; ბელგიელი ძმები მიულსების ფოტოარქივის ელექტრონული ასლები, რომლებიც 1909-1926 წლებში საქართველოს კულტურულ და სამრეწველო ცხოვრებას ასახავს; კინოდოკუმენტალისტ გია ჭუბაბრიას 15 დოკუმენტური ფილმის კინოფირები (გადაღებული გასული საუკუნის 60-90-იან წლებში); მომღერალ ანა ბაჯიაშვილის სახელმწიფო კაპელასა და ანსამბლებში - „იავნანა“ და „კელაპტარი“ - მოღვაწეობის ამსახველი ვიდეო, აუდიოჩანაწერები და ფოტოები; მუსიკათმცოდნე ვაჟა გვახარიას პირადი ფონდი და სხვ.

დოკუმენტების დაცვის პირობებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, განხორციელდა ოზურგეთის რეგიონული არქივის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყო ცენტრალური არქივების საცავებში კონდენცირება-ვენტილაციის ავტომატური სისტემის მოწყობა.

2013 წელს ეროვნულ არქივში არაერთი გამოფენა გაიმართა: რამაზ ჩხიკვაძე - 85 ფოტოალბომისათვის; მართლმადიდებლობის დღესასწაულისა და ავტოკეფალიის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა; ჩერნობილი. 27 წლის შემდეგ (უკრაინის საელჩოსთან ერთად); ნიკო ნიკოლაძე - 170 (თბილისი, ფოთი); შვედეთი საქართველოში (შვედეთის საელჩოსთან ერთად); ღვინოობისთვე; ფიროსმანის თბილისი (გ. ჩუბინაშვილის კულტურის ცენტრთან ერთად); მედეა ჯაფარიძე - 90.

მომზადდა გამოცემები: ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძე - „საბჭოთა საქართველოს ცხოვრებიდან /ბოლშევიკების ექვსი თვის ბატონობის სურათი/“ (წიგნად გამოცემული მოხსენება); ფოტოალბომები: „რამაზ ჩხიკვაძე - 85 ფოტოალბომისათვის“; „მედეა ჯაფარიძე - 90“; „ღვინოობისთვე“; „ძველი და ახალი“ („M.T სტუდიოსა“ და „კიკალა სტუდიოსთან“ ერთად).

გასულ წელს ეროვნულ არქივში ჩატარდა საზაფხულო სკოლა „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევარები.

ეროვნულ არქივში დაცული სერგეი ფედორჩენკოს ფილმი „ვისი ბრალია“ (1931) თბილისის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.

მნიშვნელოვანი სიახლეები იყო საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრის კომიტეტმა ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა; ეროვნული არქივი კინოარქივების საერთაშორისო ფედერაციის (FIAF) ასოცირებული წევრი გახდა; არქივში დაცული ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი იტალიის ქალაქ პორდენონეს უხმო ფილმების ფესტივალზე აჩვენეს; 2013 წელს ეროვნულ არქივს პოლონეთის სახელმწიფო არქივისა და ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის დელეგაციები ეწვივნენ.

რაც შეეხება ეროვნული არქივის სამომავლო გეგმებს, 2014 წელს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: დოკუმენტების დაცვის პირობების გაუმჯობესება; დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და სერვისების განვითარება; ელექტრონული დოკუმენტების არქივაცია; ეროვნული საარქივო ფონდის გამდიდრება; დოკუმენტების დიგიტალიზაცია და რესტავრაცია; გამოფენების ორგანიზება; თემატური გამოცემების მომზადება; საერთაშორისო პროექტების განხორციელება და სხვ.