საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში 9 მაისს წარმოადგენს გამოფენას „1920-იანი წლების ქართული კინო“.
ფოტოფესტივალი, რომელთანაც საქართველოს ეროვნული არქივი რამდენიმე წელია თანამშრომლობს, COVID-19 პანდემიის გამო ამჯერად ონლაინ ფორმატში ტარდება.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა 2020 წელი 1920-იანი წლების ქართული კინოს წლად გამოაცხადა. ონლაინ-ფოტოგამოფენა "1920-იანი წლების ქართული კინო" ამ მნიშვნელოვან ინიციატივას ეხმაურება.
ვირტუალური ექსპოზიცია 1921-29 წლებში „სახკინმრეწვის“ ბაზაზე შექმნილი ორმოცამდე ფილმის გადასაღებ მოედნებს აერთიანებს. წარმოდგენილი ფოტომასალის დიდი ნაწილი ფართო აუდიტორიისათვის დღემდე უცნობია. დამთვალიერებელი იხილავს შემდეგი ფილმების კადრებს: „გიული“, „გაფლანგვა“, „უკანასკნელ საათს“, „კომუნარის ჩიბუხი“, „ქალი ბაზრობიდან“, „მთების კანონი“, „ამოკი“, „არსენა ჯორჯიაშვილი“, „სურამის ციხე“, „ბოშური სისხლი“ და ა.შ.
გამოფენის კურატორი: გიორგი კაკაბაძე.
ვირტუალური გამოფენის დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს:https://kolga.ge/virtual-photo-week/archive_without/index.php.