ოქტომბერი 548
en

ზუგდიდის არქივის მომსახურების არეალი გაფართოვდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონულ სისტემაში ზუგდიდის ადგილობრივი არქივი ჩაერთო და, შესაბამისად, მისი მომსახურების არეალი გაფართოვდა. 
ზუგდიდის იუსტიციის სახლში ამ სიახლის პრეზენტაცია ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა გამართა. "დღეს ზუგდიდის იუსტიციის სახლში გავხსენით ამ რაიონის არქივის მომსახურების ოფისი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის საჭირო ცნობები მიიღონ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ელექტრონულ სისტემაში ჩართული ნებისმიერი არქივიდან", _ აღნიშნა თეონა იაშვილმა.
მომსახურების ელექტრონული პროგრამით ამ დროისათვის სარგებლობს თბილისში მდებარე სამი ცენტრალური არქივი, თბილისის არქივი, ასევე, ქუთაისის, სამტრედიის, თელავის, ხაშურისა და მცხეთის ადგილობრივი არქივები. ამ სისტემაში, ეტაპობრივად, ეროვნული არქივის ყველა ადგილობრივი ოფისი ჩაერთვება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. სპეციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს.
ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს.