დღეს ყატარის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ქვემო ქართლის რეგიონულ არქივს ეწვია. დელეგაციის წევრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
სტუმრებმა არქივის ახალგახსნილ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო და კონდიცირების თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი საცავები, სამუშაო ოთახები და მკვლევართა დარბაზი დაათვალიერეს; გაეცნენ არქივის მუშაობის სპეციფიკას.
რუსთავში თანამედროვე სტანდარტების არქივი მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა. ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დოკუმენტები 1920-იანი წლებიდან ინახება. საარქივო დოკუმენტები ასახავს რეგიონის სოფლებისა და ქალაქების სოციალურ და კულტურულ ყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებს, დემოგრაფიულ მონაცემებს, ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას.
ყატარის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდება.