მარტი 548
en

ვასილ ამაშუკელის მიერ 1908 წელს გადაღებული ბაქოს ნავთობჭაბურღილების კადრები, სავარაუდოდ, მიკვლეულია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს აზერბაიჯანის სახელმწიფო კინოფონდის დირექტორმა ჯამილ გულიევმა 1908 წელს გადაღებული ბაქოს ნავთობჭაბურღილების კინოკადრები გადასცა, რომელიც, სავარაუდოდ, ვასილ ამაშუკელის მიერ არის გადაღებული. აღნიშნული კადრების ელექტრონული ვერსია კინოფონდის ხელმძღვანელმა ქართული მხარის თხოვნით დაწყებული 1-წლიანი ძიების შედეგად კერძო კოლექციონერთან მიაკვლია. 
აღნიშნული კინოკადრების პრეზენტაცია დღეს საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო კინოფონდის დირექტორმა ჯამილ გულიევმა გამართეს. 
„წელიწადზე მეტია, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის კინოფონდთან. კადრები, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა გადმოგვცეს, შესწავლილი იქნება და დადგინდება, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა პირველ ქართველ კინორეჟისორს. ეროვნულ არქივში დაცულია წერილობითი დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ამ წლებში ვასილ ამაშუკელი ნამდვილად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბაქოში“, - აღნიშნა პრეზენტაციაზე თეონა იაშვილმა. 
„კინოკადრები, რომელიც ეროვნულ არქივს გადავეცით, საზღვარგარეთ მცხორებ ჩვენ თანამემამულე კერძო კოლექციონერთან მივაკვლიეთ. დარწმუნებული ვარ, ეს კადრები ვასილ ამაშუკელის მიერ არის გადაღებული“, - განაცხადა ჯამილ გულიევმა. 
საქართველოში დღემდე ვასილ ამაშუკელის მხოლოდ ერთი ფილმია შემორჩენილი – „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც ქართველმა ოპერატორმა და რეჟისორმა 1912 წელს გადაიღო. 
ვასილ ამაშუკელის ბაქოში მოღვაწეობის შესახებ ცნობილია თავად მისი მოგონებებიდან, რომელიც ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაშია დაცული. „ვიღებდით ბაქოს სანახაობებს, ნავთის წარმოებებს და პატარ-პატარა ქრონიკებს, ლაბორატორიაში გამოვლენის შემდეგ ვდგამდით ჩვენს კინოში (ქართველ საზოგადოებათა საკრებულოში). კოტესა (მესხი) და მის სიძეს გეპნერს, სხვა კინოებთან შედარებით, უფრო კულტურულად ჰქონდა დაყენებული თავიანთი კინო; იდგმებოდა უფრო ხშირად სამეცნიერო სურათები... მაგრამ ხარჯს ვერ ფარავდა და თეატრი დავალიანებაში ვარდებოდა... ჩვენმა კინომ ორი წლის არსებობის შემდეგ ზარალს ვერ გაუძლო და დაიხურა“. 
ამავე განყოფილების ფონდებში დაცული კიდევ ერთი დოკუმენტით ირკვევა, რომ 1908 წელს ვასილ ამაშუკელი ნამდვილად იღებდა კინოკადრებს: ბაქოს ქალაქის მმართველობის ტიპოგრაფიის საქმეთა მმართველი ნოე რამიშვილი თავისსავე სავიზიტო ბარათზე წერს ვასილ ამაშუკელს: „გთხოვთ, დაუშვათ ჩემი თანამშრომელი თქვენ მიერ ჩვენს ტიპოგრაფიაში გადაღებული კადრების სანახავად, რომელიც აფიშების ბეჭდვას მიეძღვნა“.  
ბაქოს ნავთობჭაბურღილების კინოკადრები ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში შეინახება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.