დეკემბერი 548
en

პირველი მსოფლიო ომის შესახებ თბილისში დაგეგმილ გამოფენაში 15-მდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას

სტამბულში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში „პირველი მსოფლიო ომის დოკუმენტები; გლობალური ომიდან გლობალურ მშვიდობამდე“ მონაწილე საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია 15-მდე სხვადასხვა ქვეყნის არქივს მიმდინარე წლის ბოლოს თბილისში პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებულ გამოფენაში მონაწილეობაზე შეუთანხმდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1914-1918 წლების ომის წერილობითი, ფოტო და კინომასალა, რომელიც დაცულია საქართველოს, თურქეთის, პოლონეთის, ბელგიის, იტალიის, მონტენეგროს, ბულგარეთის, მოლდოვას, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალია/ახალი ზელანდიის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და სხვა არქივებში.

საარქივო მასალების ამ მასშტაბის გამოფენა თბილისში პირველად გაიმართება.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი თურქეთის სახელმწიფო არქივის გენერალურ დირექტორატთან არსებულ სტამბოლის ოსმალური არქივის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში 19-21 მარტს მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მოიცავდა პრეზენტაციებსა და გამოფენას სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და სამუზეუმო დაწესებულებებში დაცული პირველი მსოფლიო ომის ამსახველი მასალების შესახებ. მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებიც.  ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარდგა ქეთევან ასათიანი, რომლის მოხსენების თემა იყო: „პირველი მსოფლიო ომი საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებში“.